საქართველოს პროკურატურა თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2015-2020 წლების განმავლობაში მომზადებული 14 დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის 13 საქმეს იძიებს. დღეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ამ 13 საქმიდან, კახა კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ 3 საქმე უკავშირდება.
მისივე განცხადებით, აღნიშნული სამი საქმიდან მხოლოდ ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომას.
„პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება- აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევაზე და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე. სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
პროკურატურის მიერ თბილისის მერიაში არსებული სავარაუდო დარღვევების შესახებ მიმდინარე გამოძიებების შესახებ ცნობილი პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სადეპუტატო კითხვის პასუხიდან გახდა.




























