მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

130 სათამაშოს შემოწმების შედეგად 77 შემთხვევაში რეალიზაცია შეჩერდა - ეკონომიკის სამინისტრო

63dbc89496acd
ელენე გოგბერაშვილი
03.02.23 10:15
631

ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტომ გასულ წელს ბაზარზე განთავსებული 130 სათამაშო შეამოწმა. სამინისტროს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 77 შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება, 30 შემთხვევაში კი ბაზრიდან ამოღება განხორციელდა. როგორც ნიკოლოზ ფილფანმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რამდენიმე შემთხვევაში მითითებების შეუსრულებლობისთვის გამოყენებულ იქნა ფულადი სანქციაც.

ეკონომიკის სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ სათამაშოების ზედამხედველობა 2020 წლიდან დაიწყო, თუმცა ბიზნესისთვის მათი რეკომენდაციების შესრულება 2021 წლიდან გახდა სავალდებულო. მანამდე სანქციები არ მოქმედებდა.

"ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ როგორც დოკუმენტურად, საბაჟოზე, ისე ადგილზე ტექნიკური შემოწმების ფორმით. ზედამხედველობას ვახორციელებთ როგორც ბაზრობებზე, ისე ქსელურ მაღაზიებში. ნიმუშები აღებულ იქნა როგორც ბაზრობებიდან, ისე ქსელური მაღაზიებიდან. იმ პროდუქტებში, სადაც მომეტებული საფრთხე დაფიქსირდა (ტყლარწების სახით) ძირითადად ბაზრობის ტიპის დაწესებულებებში იყიდებოდა და ნაკლებად ქსელურ მაღაზიებში“,-აცხადებს ფილფანი.

კითხვაზე, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების რა მექანიზმი აქვს სამინისტროს, ნიკოლოზ ფილფანი აცხადებს, რომ თუ მათი მითითებით ბაზარზე პროდუქციის რეალიზაცია არ შეჩერდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს სასამართლო აკისრებს.

„ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება და 1500 ლარიდან 7 000 ლარამდე მერყეობს“, -აცხადებს ფილფანი.

მისი თქმით, სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმება საზღვარგარეთ ხორციელდება, რათა ქვეყანას ჯერჯერობით სათამაშოების მიმართულებით აკრედიტირებული ლაბორატორია არ აქვს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები