სათამაშოების მწარმოებელი LEGO ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პორტუგალიის ქალაქ ესტარეჟაში, ახალი ქარხანის ასაშენებლად დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავს - ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.
მათი ცნობით, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, საწარმო 1 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ქარხანა მაღალკვალიფიციურ საწარმოო სამუშაო ადგილებს შექმნის, წარმოების დაწყება კი 2030 წელს არის მოსალოდნელი.
დანიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში არსებული საწარმოების შემდეგ, ეს ევროპაში LEGO-ს რიგით მეოთხე ქარხანა იქნება.
"პორტუგალია ჩვენთვის გამორჩეული აღმოჩნდა ბაზრებთან სიახლოვის, სატრანსპორტო კავშირებზე ხელმისაწვდომობის, მდგრადი განვითარებისადმი ერთგულებისა და კვალიფიციური ადგილობრივი სამუშაო ძალის გამო", - განაცხადა LEGO-ს მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, კარსტენ რასმუსენმა.
115 000 კვადრატული მეტრის ფართობის ქარხანა 60 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, რაც დაახლოებით 120 საფეხბურთო მოედნის ტოლფასია. ახალ საწარმოში იგეგმება Lego-ს დეტალების ჩამოსხმა, დამუშავება და მზა ნაკრებების შეფუთვა.
რასმუსენის თქმით, ეს LEGO-ს ყველაზე ავტომატიზებული ქარხანა იქნება, "სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები პროდუქტიულობის, ეკოლოგიური მდგრადობისა და საოპერაციო მოქნილობის ასამაღლებლად გამოიყენება".
მშენებლობის დაწყება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. პორტუგალიის საწარმო LEGO-სთვის მსოფლიოში რიგით მერვე იქნება ვირჯინიის ქარხნის შემდეგ, რომლის გახსნაც 2027 წელს არის დაგეგმილი. LEGO-ს განცხადებით, პროდუქციის მომხმარებელთან უფრო ახლოს წარმოება შეამცირებს მიწოდების ჯაჭვს და ტრანსპორტირებით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედებას.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში LEGO-ს სამომხმარებლო გაყიდვები 22%-ით გაიზარდა.
კომპანიის შემოსავალი 21%-ით - 41.9 მილიარდ დანიურ კრონამდე (5.6 მილიარდი ევრო) გაიზარდა, ხოლო საოპერაციო მოგებამ 22%-იანი მატებით 10.9 მილიარდი კრონა (1.5 მილიარდი ევრო) შეადგინა.
























