მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

დანია

ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break).

პლატფორმა "European Best Destinations"-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც "სრულიად განსხვავებული ხასიათის" 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი "ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების" წყალობით დაიკავა, რაც "განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს" ქმნის.

ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად აღიარეს, სიაში მეორე ადგილზე გავიდა. მოწინავე ხუთეული კოპენჰაგენმა, კანმა და ბაზელმა შეავსეს.

რეიტინგი 33-დღიან გამოკითხვას ეფუძნება, რომელშიც "European Best Destinations"-ის 11 614-მა გამომწერმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ რესპონდენტს შეეძლო ხმა დამოუკიდებელი თრეველ-ჟურნალისტების მიერ შერჩეული 64 ევროპული მიმართულების სიიდან სამი ქალაქისთვის მიეცა. საუკეთესო ათეული სწორედ მიღებული ხმების მიხედვით დაკომპლექტდა.

"იდეალური ხანმოკლე მოგზაურობა გაძლევთ უამრავ გასაკეთებელ საქმეს და საკმარის დროს მისით დასატკბობად", - აცხადებენ "European Best Destinations"-ში. - "აქ მოიძებნება ადგილი რომანტიკული თავგადასავლისთვის, მეგობრებთან ერთად უქმეების გასატარებლად, ზღვის სანაპიროზე რამდენიმე დღით დასასვენებლად თუ განსაკუთრებული თარიღის გამორჩეულად აღსანიშნავად".

ევროპის საუკეთესო 10 ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის (2027):

  1. სოფია, ბულგარეთი
  2. ლისაბონი, პორტუგალია
  3. კოპენჰაგენი, დანია
  4. კანი, საფრანგეთი
  5. ბაზელი, შვეიცარია
  6. ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო
  7. ლოვენი, ბელგია
  8. მილანი, იტალია
  9. კალპე, ესპანეთი
  10. ვერონა, იტალია

სოფია მოგზაურებს "მრავალფეროვან გამოცდილებას შედარებით კომპაქტურ სივრცეში" სთავაზობს. "კულტურული აღმოჩენების, კარგი სამზარეულოსა და საღამოს გასართობი ადგილების" გარდა, ვიზიტორებს შეუძლიათ იმავე მოგზაურობისას ტყის ბილიკებითა და მთის პანორამული ხედებითაც დატკბნენ. ბულგარეთის დედაქალაქი ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. ეს არის ქალაქი, სადაც ძველი და ახალი სიტყვასიტყვით ერწყმის ერთმანეთს. მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა წმინდა გიორგის როტონდა, წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი, ტოლერანტობის მოედანი და ბოიანას ეკლესია - სოფიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთადერთი ძეგლი.

ლისაბონი არის ქალაქი, რომლითაც ტკბობა შეიძლება "დილის ყავიდან მდინარის ბოლო ხედამდე". პორტუგალიის დედაქალაქი იდეალურია მათთვის, ვისაც "მცირედი გეგმა და ბევრი თავისუფლება უყვარს". მთავარი რჩევა? შეარჩიეთ ერთი კონკრეტული უბანი, დაჯავშნეთ მაგიდა ვახშმისთვის და "მიეცით ბორცვებს მარშრუტის განსაზღვრის უფლება". ასევე, ექსპერტები გვირჩევენ, აუცილებლად დავუტოვოთ დრო ხელოვნებას, ისტორიულ ცენტრში სეირნობასა და ადგილობრივი კერძებით აუჩქარებლად ტკბობას.

კოპენჰაგენი, რომელიც რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, მოგზაურებს მოუწოდებს, უქმეები ქალაქის ყოველდღიური დეტალებით ტკბობაში გაატარონ. დანიის დედაქალაქი მიმზიდველი არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს სკანდინავიური დიზაინი, მყუდრო ადგილობრივი რესტორნები და ქალაქის ველოსიპედით დათვალიერება. "რამდენიმე გულდასმით შერჩეულ გაჩერებას შეუძლია დღე შექმნას, მათ შორის კი საკმარისი დრო რჩება კიდევ ერთი ფინჯანი ყავისთვის ან სანაპიროზე მცირე შესვენებისთვის", - ნათქვამია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები