მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ყველაზე მეგობრული ქალაქები: 2026 წლის რეიტინგი

პორტუგალია

ევროპის ყველაზე მეგობრული ქალაქები ისეთივე მრავალფეროვანი და თვითმყოფადია, როგორც თავად კონტინენტი - იტალიის მინიატურული, უძველესი კუთხეებიდან, სადაც ტრადიციული მენტალიტეტი კვლავ ცოცხლობს, დიდ დედაქალაქებამდე, სადაც სოციალური ცხოვრება თავისი უნიკალური რიტმით მიედინება.

CNN-ის "Readers' Choice Awards"-ის წლევანდელ გამოკითხვაში მკითხველებმა ვენის კაფეების კულტურას უმაღლესი შეფასება მისცეს, მოიწონეს გრანადის ტაპასები და კორკის დამოუკიდებელი სულით მოიხიბლნენ, ხოლო პირველი ადგილისთვის ორმა მოძმე პორტუგალიურმა ქალაქმა იბრძოლა.

წარმოგიდგენთ ევროპის ყველაზე მეგობრულ ქალაქებს "Readers' Choice Awards 2026"-ის მიხედვით. ქულები პროცენტულად ვიზიტორთა კმაყოფილების საერთო საშუალო დონეს ასახავს:

15. რეიკიავიკი, ისლანდია - 87.14%

14. რომი, იტალია - 87.38%

13. პარიზი, საფრანგეთი - 87.46%

12. კორკი, ირლანდია - 88.05%

11. გენუა, იტალია - 88.18%

10. გრანადა, ესპანეთი - 88.57%

9. პალმა, ესპანეთი - 90.00%

8. კრაკოვი, პოლონეთი - 91.43%

7. ვენა, ავსტრია - 91.43%

6. ედინბურგი, შოტლანდია - 94.55%

5. ვალეტა, მალტა (შეფასება: 95.00%)

მზით გაჯერებული ხმელთაშუა ზღვის ქალაქი ვალეტა, მალტის დედაქალაქი, "Readers' Choice Awards"-ის მუდმივი ფავორიტია. თაფლისფერი ბაროკოს არქიტექტურის წყალობით, ქალაქი არაერთ ცნობილ ფილმსა და სერიალში მოხვდა - "სატახტოთა თამაშიდან" "გლადიატორამდე". წელიწადში 300 მზიანი დღის გამო, მალტა ზამთარშიც კი იდეალური მიმართულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადის ნებისმიერი დრო გამოდგება ადგილობრივთა ოჯახური სითბოსა და მასპინძლობის გამოსაცდელად.

4. სტოკჰოლმი, შვედეთი (შეფასება: 96.67%)

14 კუნძულზე გაშენებულმა შვედეთის დედაქალაქმა წლევანდელ რეიტინგში ყველა კომპონენტში მაღალი შეფასება მიიღო და პირველად მოხვდა ევროპის ყველაზე მეგობრული ქალაქების სიაში. მართალია, ადგილობრივები თავშეკავებულობით არიან ცნობილნი, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამავდროულად ძალიან თავაზიანები და ყურადღებიანები არიან.

3. ამსტერდამი, ნიდერლანდები (შეფასება: 97.50%)

ამსტერდამის არხებისპირა თვალწარმტაცი სახლები და ქვაფენილიანი ქუჩები შესანიშნავი ფონია აქაური მხიარული და უშუალო ყოველდღიურობისთვის. ზაფხულობით ცხოვრება ღია ტერასებსა და პარკებში ინაცვლებს, ზამთარში კი ტურისტები და ადგილობრივები ორთქლიანი ფანჯრების მქონე მყუდრო კაფეებში იყრიან თავს ყავის დასალევად. გასაკვირი არ არის, რომ ნიდერლანდების დედაქალაქი ემიგრანტებისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ქალაქად მიიჩნევა.

2. ლისაბონი, პორტუგალია (შეფასება: 97.60%)

იმ ფონზე, როდესაც პორტუგალიამ ევროპის ყველაზე მეგობრული ქვეყნების სიაში მესამე ადგილი დაიკავა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელებმა წელს მოგზაურთა გულები საბოლოოდ დაიპყრეს. ლისაბონი დახვეული ჩიხების, ემოციური ფადოსა და უგემრიელესი დესერტის, "pastéis de nata"-ს ქალაქია, თუმცა ამ ყველაფერს ნამდვილ ხიბლს თავად ხალხი სძენს. აქაურ ბორცვებზე ახალგაზრდული და ინკლუზიური ატმოსფერო სუფევს, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ სრულად ჩაერთონ კაფეების ცოცხალ კულტურაში ან სანტო-ანტონიოს ფესტივალს დაესწრონ, როდესაც ქუჩები ღია ცის ქვეშ გამართულ დიდ წვეულებად იქცევა.

1. პორტო, პორტუგალია (შეფასება: 98.33%)

მდინარე დოუროს ნაპირებზე სახლებად ჩამწკრივებული პორტო რეიტინგში იმ იშვიათ ქალაქთაგანია, რომელიც დედაქალაქს არ წარმოადგენს. მკითხველთა გადაწყვეტილებით, პორტო 2026 წელს მთელ ევროპაში ყველაზე მეგობრულ ქალაქად დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები