მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 მედიკამენტზე 300-3000%-იანი ფასნამატები ფიქსირდება - რა ეტაპზეა ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა

წამალი წამლები აფთიაქი მედიკამენტები ჯანდაცვა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევა წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მოკვლევა მაღალი ფასნამატების გამო, 8 მცირე კომპანიის მიმართ მიმდინარეობს. მისი თქმით, 14 მედიკამენტზე 300-3000%-იანი ფასნამატები ფიქსირდება.

„ამ დროისთვის ჩვენთან ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით ერთი მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ეხება სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტებს, რომლის იმპორტიორებიც მცირე კომპანიები არიან. 8 კომპანია და 14 მედიკამენტია ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული და მოკვლევა მიმდინარეობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვნახეთ, რომ 14 მედიკამენტის შემთხვევაში დომინანტი კომპანიები არიან და ფასნამატი 300-3000%-ის ფარგლებშია. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რისგანაა ეს გამოწვეული, საბაზრო, ლოგიკური ფაქტორებით, თუ რეალურად ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნით. კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ბევრი მათგანისგან უკვე მოვისმინეთ ახსნა-განმარტება და კონკრეტულ შედეგებს ამ მიმართულებით წლის ბოლომდე დავდებთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 სააფთიაქო ქსელს შეთანხმებული მოქმედებისთვის გასული წლის ბოლოს 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა. ამ შემთხვევაში, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდებოდა. ფარმაცევტულ ბაზარზე მორიგი მოკვლევა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები