მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

144 წლის შემდეგ საგრადა ფამილიას მშენებლობა დასრულებულია

საგრადა ფამილია

144-წლიანი მშენებლობის შემდეგ საგრადა ფამილიას ყველაზე მაღალ კოშკზე 17-მეტრიანი ჯვარი აღიმართა, რითაც ეკლესიის ძირითადი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა. საგრადა ფამილია ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესია გახდა, დასრულებული კონსტრუქციის სიმაღლე 172,5 მეტრია.

შთამბეჭდავი ზომის ჯვარი გერმანიაში დამზადდა და ესპანეთის კატალონიის რეგიონის მინის, კერამიკული ფილებისა და ქვის მასალების კომბინაციითაა შექმნილი. კონსტრუქციის შიგნით სპირალური კიბეა განთავსებული.

არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ საგრადა ფამილიას პროექტირებას 43 წელი მოანდომა, მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და 1926 წელს, 73 წლის ასაკში, მისი გარდაცვალების დროისთვის, ეკლესიის მხოლოდ ერთი კოშკი იყო დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ექსტერიერი დასრულებულია, მომდევნო რვა წლის განმავლობაში რიგი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, მათ შორის ეკლესიის ცენტრალური შესასვლელის, დიდების ფასადის დასრულება.

დიდების ფასადის პროექტი

ეკლესიის მშენებლობის დასრულების ცერემონია 10 ივნისისთვისაა დაგეგმილი და გაუდის გარდაცვალების 100 წლის თავს მიეძღვნება, წელი ასევე ემთხვევა UNESCO-ს მიერ ბარსელონას მსოფლიო არქიტექტურის დედაქალაქად გამოცხადებას. ქალაქი ზაფხულში ასევე UIA World Congress of Architects-ს მასპინძლებს.

საგრადა ფამილია ბარსელონას მთავარი ტურისტული ატრაქციაა, მას წლიურად დაახლოებით 5 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, საინტერესოა, რომ 144 წლიანი მშენებლობის განმავლობაში ქალაქს საგრადა ფამილიას მშენებლობაზე თანხა არ დაუხარჯავს, ის სრულიად შემოწირულებებით და დღეის მონაცემებით საშუალოდ წლიური €150 მილიონიანი შემოსავლით ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები