მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 მლნ ლარის ინვესტიციით გოდერძიზე სასტუმრო "არსიანი" გაიხსნა

5e205fa555218
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.20 09:50
4122
მაღალმთიანი აჭარის სამთო კურორტ გოდერძიზე კიდევ ერთი სასტუმრო "არსიანი" ამუშავდა. როგორც სასტუმროს მფლობელმა როლანდ შანთაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სასტუმრო ოფიციალურად იანვრის ბოლოს გაიხსნება, თუმცა ტურისტების მიღება სამი დღეა, რაც დაიწყეს.

"ჩვენ ბანკიდან ავიღეთ სესხი 1.5 მლნ ლარის ოდენობით და მთლიანად ამ სასტუმროში ჩავდეთ. ამ ეტაპისთვის 6 ოთახი არის კეთილმოწყობილი და გახსნისთვის 24 ოთახი გვექნება. ჩვენ გვყავს თოვლმავლები და მოვემსახურებით ჩვენს კლიენტებს. გაზაფხულიდან სასტუმროში სრულად 40 ოთახი იქნება, ამოქმედდება საუნა, საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი", - განაცხადა როლანდ შანთაძემ.

სასტუმრო "არსიანის" მფლობელის თქმით, ტურისტებს ძალიან მოსწონთ გოდერძიზე დასვენება და მათ უკვე მიღებული აქვთ ჯავშნები იანვრის თვეზე.

"ჩვენ სახელმწიფოსგან გვქონდა იჯარით სასტუმრო "მეტეო" და გასულ წლებში იქ გერმანელები გვსტუმრობდნენ, წელს დაგვირეკეს და განმეორებითი ვიზიტის შესახებ შეგვატყობინეს, შესაბამისად, ჩვენ ისინი ახალი სასტუმროს გახსნამდე მივიღეთ. ოფიციალური გახსნის შემდეგ კი გერმანიიდან 7 ტურისტული ჯგუფი ჩამოდის და ჯავშნები აღებული გვაქვს. ტურისტებს ძალიან მოსწონთ კურორტი, აქაური ბუნება და სასრიალო ტრასები", - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ტურისტების კმაყოფილების მიუხედავად, როლანდ შანთაძე აღნიშნავს, რომ კურორტზე საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა წლების განმავლობაში გადაჭრელი რჩება.

"ყველაზე დიდი პრობლემა არის გზა, რომელიც ალბათ ადრე თუ გვიან მოწესრიგდება", - ამბობს შანთაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები