მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 მლნ მონაწილე, ₾4.8 მლრდ დანაზოგი - რა შედეგები აქვს საპენსიო სააგენტოს?

საპენსიო სააგენტო შენობა

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 503 ათასი მონაწილეა. საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულება კი 4.8 მილიარდი ლარია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 958-მა ადამიანმა, რომლებზეც პენსიის სახით, ჯამურად 29 257 490 ლარი გაიცა.

აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება, რომელიც მათ შორის, საინვესტიციო მანდატის გაფართოებას გულისხმობს. ფონდს მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან კრედიტის გაცემა. კერძოდ, ნაკლებადრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% შეიძლება ჩაიდოს “სხვა აქტივებში”. იზრდება ანალოგიური ლიმიტი საშუალორისკიანი პორტფელისთვის და 15%-ის ნაცვლად 20% ხდება, ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის 20%-ის ნაცვლად, 25% იქნება.

საინვესტიციო პორტფელების მიმდინარე მდგომარეობა

31 მარტის მონაცემებით, 4.74 მილიარდი ლარის აქტივი კონსერვატიულ (ნაკლებადრისკიანი), 26 მილიონი ლარი დაბალანსებულ (საშუალორისკიანი), ხოლო 23 მილიონი ლარის დინამიკურ (მაღალრისკიან) პორტფელშია განთავსებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფონდს დაახლოებით 750-800 მილიონი ლარის "სხვა აქტივებში" ინვესტირება შეეძლება.

ყველაზე მაღალი ამონაგები მაღალრისკიან პორტფელს აქვს. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 მარტამდე პორტფელების ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგია:

  • კონსერვატიული (ნაკლებადრისკიანი) პორტფელი - 8.51%;
  • დაბალანსებული (საშუალორისკიანი) პორტფელი - 10%;
  • დინამიკური (მაღალრისკიანი) პორტფელი - 10.5%.

ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალური შეცვლა იგეგმება. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.

რა იცვლება საპენსიო სისტემაში - მთავრობის კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები