მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

საპენსიო

აქციების გლობალურ ბაზარზე არსებული მერყეობის გამო საქართველოს საპენსიო ფონდის ამონაგები შემცირდა. როგორც "საქმის კურსთან" ინტერვიუში საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ფონდის საერთაშორისო აქციების პორტფელი 9,000-ზე მეტ კომპანიას მოიცავს, მათ შორის S&P 500-ის 500 წამყვან კომპანიას აშშ-ში, ასევე ევროპაში, აზიასა და განვითარებად ბაზრებზე.

ანა ნაჭყებიას თქმით, ოქტომბერში გლობალურ აქციების ბაზარზე დაფიქსირებული კორექცია საქართველოს საპენსიო ფონდის პორტფელზეს აისახა, თუმცა ბაზრის მერყეობისგან დასაცავად ფონდმა ჯერ კიდევ სექტემბერში მაღალი დივიდენდის მქონე აქციების ინდექსი შეიძინა, რომლის ოქტომბერში 10%-იანმა ზრდამაც აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააბალანსა.

“კონსერვატიული პორტფელი არის ფაქტობრივად წარმომადგენლობითი მთელი საპენსიო აქტივებისთვის. ჯამურად მთელი აქტივების დაახლოებით 20% არის ინვესტირებული აქციების ბაზარზე, დანარჩენი არის ადგილობრივ ეკონომიკაში. ეს 20% განაწილებულია და საკმაოდ დივერსიფიცირებულია სხვადასხვა რეგიონის წამყვან საფინანსო ბაზრებზე. დაახლოებით 40% არის ამერიკის შეერთებული შტატების 500 წამყვანი კომპანიის ინდექსი, S&P 500 შედის ჩვენს პორტფელში. გარდა ამისა, პორტფელში გვაქვს ევროპის, აზიის, განვითარებადი ქვეყნების პორტფელები და ინდივიდუალურად 9,000-ზე მეტი კომპანიის აქცია შედის ჩვენს პორტფელში.

ოქტომბერი ზოგადად აქციების ბაზრისთვის საკმაოდ რთული თვე იყო, ვინაიდან ვნახეთ ერთის მხრივ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტორების განწყობების გაუარესება და მეორეს მხრივ ამერიკის არჩევნების შედეგად მნიშვნელოვანი კორექცია ვნახეთ აქციების ბაზარზე. ეს, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენს პორტფელზეც, თუმცა ჩვენი მთავარი მიდგომა ასეთი რისკების წინააღმდეგ არის, რა თქმა უნდა, დივერსიფიკაცია.

მაგალითისთვის რომ გითხრათ, სექტემბერში ჩვენ ვიყიდეთ ისეთი ინდექსი ამერიკაში, რომელიც უფრო მეტად არის ინვესტირებული დივიდენდის მქონე, მაღალი დივიდენდის მქონე აქციებში, როგორიც არის, მაგალითად, Coca-Cola, Procter & Gamble და ა.შ. ამ ინდექსის მომგებიანობა ოქტომბერში იყო დაახლოებით 10%, მაშინ როცა სხვა რეგიონებში ვნახეთ ფასების მნიშვნელოვანი შემცირება. შესაბამისად, ჩვენი ეს მიდგომა, რომ დივერსიფიკაცია გავაკეთოთ რეგიონებზე და სექტორებზე, მსგავს კრიზისულ პერიოდებში გვაძლევს საკმაოდ კარგ შედეგებს.

უკვე 7 წელია ინვესტირებას ვაკეთებთ და ამ 7 წლის განმავლობაში 3 მილიარდამდე დაგროვილი მოგება გვაქვს. მსგავსი ტიპის მერყეობები, როდესაც დაგენერირებული მოგების შემცირება მოხდება, ამ წელსაც გვქონია და ეს ოქტომბერიც არ არის გამონაკლისი. თუ მაგალითად წლის დასაწყისიდან, სადაც სექტემბერში აქციების ბაზრის შემოსავლიანობა 20%-თან იყო დაახლოებით, ახლა ეს შემოსავლიანობა შემცირებულია, თუმცა, მსგავსი ეპიზოდები ინვესტირებასთან საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე და ჩვენი პორტფელიც საკმარისად დივერსიფიცირებულია, რომ გრძელვადიან პერიოდში მსგავს მერყეობებს გაუძლოს”,-აცხადებს ანა ნაჭყებია.

საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელში ეროვნული ვალუტის აქტივები დომინირებს. ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 20%-მდე უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები