მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდი დამსაქმებლებს მოუწოდებს, 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად დაფარონ დასაქმებულთა საპენსიო შენატანები და მათზე დარიცხული საურავი, რათა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებელი შეღავათით ისარგებლონ.

საუბარია დაახლოებით 13,500 კომპანიაზე, რომელთაც 48 ათასი დასაქმებულის შენატანები კანონის შესაბამისად, სრული მოცულობით არ ჰქონდათ გაკეთებული და რომელთაც საპენსიო ფონდმა 43 მლნ ლარის ჯარიმები დააკისრა.

„დამსაქმებელთა საყურადღებოდ - 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაფარეთ დასაქმებულთა საპენსიო შენატანი და დარიცხული საურავი. ისარგებლეთ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათით! დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით“, - წერს საპენსიო ფონდი 17 ნოემბრის განცხადებაში.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2026 წლის 23 სექტემბერს დაჩქარებული წესით მიიღო. კანონით გათვალისწინებული ერთჯერადი ამნისტია ეხება 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს. შეღავათით სარგებლობისთვის დამსაქმებელმა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად უნდა დაფაროს დასაქმებულთა საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული საურავი. ამასთან, ამნისტია ვრცელდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებზე.

კანონპროექტის განმარტებითი ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, ამნისტია 13 488 დამსაქმებელს შეეხებოდა. საუბარი იყო ჯამში 48 069 ჯარიმაზე, რომელთა საერთო ოდენობა 42.9 მილიონ ლარს შეადგენდა.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრა საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ახალი სანქციის წესი. 2026 წლის 15 ოქტომბრიდან დარღვევისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრა. თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ შესაბამის თანხას, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუუქმდება.

ამასთან, კანონი 2026 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც შეჩერებული ექნება შესაბამისი ჯარიმების აღსრულება, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიმართავს. თუმცა საქმის წარმოების შეჩერება საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვას არ აჩერებს.

დამსაქმებლებს ამნისტიით სარგებლობისთვის დამატებითი განცხადების წარდგენა არ სჭირდებათ. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ კომპანიებსა და სხვა დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს შეასრულებენ. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია კი 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები