შვედეთის მთავრობა საქართველოსთან პირდაპირ თანამშრომლობას დროებით აჩერებს. როგორც შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჯამინ დოუსამ განაცხადა, მთავრობა შვედურ-ქართულ თანამშრომლობას აპაუზებს, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან. მისივე თქმით, თანამშრომლობა, შესაძლოა, მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ღვინის ინდუსტრიისთვის.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 31.5%-ით შემცირდა. კლებაა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებითაც. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ შვედეთში მხოლოდ 661.1 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 43.6%-ით ნაკლებია.
საქართველოდან შვედეთში მთავარ საექსპორტო საქონელს ღვინო წარმოადგენს, წელს სკანდინავიის ამ ქვეყანაში $295.7 ათასის ღვინო გაიყიდა. ექსპორტიორ კომპანიებს შორისაც უმრავლესობა - 15 კომპანია, სწორედ ღვინის კომპანიები არიან.
Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა ექსპორტიორთა სია, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:
ღვინის ექსპორტიორები:
1. იმ ბაია აბულაძე |
2. იმ გიორგი ნათენაძე "მესხური ბრენდი" - "Meskhetian Brand" |
3. შპს "წინანდლის ძველი მარანი" |
4. შპს Bolero & Company |
5. შპს GRW |
6. შპს ასკანელი ძმები |
7. შპს დანიელი ვაინერი |
8. შპს ვაზისუბნის მამული |
9. შპს თელედა |
10. შპს ორი მარანი |
11. შპს ქინძმარაულის მარანი |
12. შპს ცხრა მუხა |
13. შპს ჭური ჩინებული |
14. შპს ხოხბის ცრემლები |
15. შპს ჯენერეიშენზ |
აღსანიშნია, რომ ექსპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
რაც შეეხება სხვა საქონლის ექსპორტიორებს, საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღვინის კომპანიების გარდა, წელს შვედეთში სხვადასხვა სახის საქონელი გაიტანეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს ჯიპიართსერვის ჯორჯია; სს არგო; შპს ავერსის კლინიკა; შპს ბითს ენდ ფისის; შპს ნეოიბერია ჯგუფი; შპს რამ პოლიტეკქს.