მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 სექტემბერს სასწავლო წელი დაიწყება - რა ღირს ბაზარში სასკოლო პროდუქცია?

სასკოლო ნივთები ბაზარში

2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. შესაბამისად, მშობლები სასკოლო ნივთებს ყიდულობენ. საკანცელარიო მაღაზიების გარდა შესყიდვების გარკვეული წილი ბაზრობებზე მოდის, სადაც სასკოლო ვაჭრობა ეტაპობრივად იწყება.

მოვაჭრეები bm.ge-სთან აღნიშნავენ, რომ სასკოლო პროდუქცია გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გაიაფებულია, მიზეზი კი საკონტეინერო გადაზიდვების ფასების შემცირებაა.

ერთ-ერთი საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი დათო ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ პანდემიისგან გამოწვეული სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე გადაზიდვების ფასები $14 000-ს აღწევდა, თუმცა ამ დროისთვის ღირებულება თითქმის სამჯერ არის შემცირებული.

“საკონტეინერო გადაზიდვების ფასი, პანდემიის პერიოდში დაახლოებით $14 000 იყო, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ღირებულება $4 500 ჩამოვიდა. Მოსალოდნელია, რომ ეს საქონლის თვითღირებულებაზეც აისახება. ველოდებით, რომ სასკოლო პროდუქციის ფასები შემცირდება” - აღნიშნავს ის.

გარკვეულ პროდუქციაზე გასულ წელთან შედარებით დაბალ ფასებს ადასტურებს ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი. რუსუდან ბუღაძე მომხმარებლის აქტივობაზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, ამ ეტაპზე მოთხოვნა საბითუმო შესყიდვებზე, საცალო შესყიდვების გააქტიურებას კი სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ელოდებიან.

“ზოგიერთი პროდუქცია შედარებით უფრო იაფია. რაც შეეხება წინა სასკოლო პერიოდის ვაჭრობას, აქტიური ჯერ არ არის. ამ ეტაპზე მოთხოვნა საბითუმო ვაჭრობაზე მოდის , საცალო ვაჭრობა დაიწყება იქითა კვირიდან, სასწავლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად” - ამბობს რუსუდან ბუღაძე.

საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი ნანა ტაბატაძე ამბობს, რომ ფასების მატებას არც სასკოლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად არ აპირებენ.

“ფასები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ გარკვეული პროდუქტი დეფიციტში იქნება” - განმარტავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები