მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წელია პარლამენტის წევრის ანაზღაურება არ შეცვლილა - დეპუტატების ხელფასები იზრდება

პაპუაშვილი
BM. GE
13.11.23 14:07
414

მომდევნო მოწვევის პარლამენტში დეპუტატის გასამრჯელოს მატებას და საჯარო სამსახურში 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი. კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

„საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული პარლამენტის წევრების გასამრჯელო და რეგლამენტით არის განსაზღვრული რა ანაზღაურება ეკუთვნის პარლამენტის წევრს თანამდებობის მიხედვით. ეს ანაზღაურება 2013 წლიდან არ შეცვლილა, მანამდეც 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტშიც, როცა იყო დანამატების და პრემიების სისტემა, ნომინალური ანაზღაურება ჯამში იყო დაბალი. ეს დანამატები 2012 წელს გაუქმდა. მაშინდელი თანამდებობის პირების ანაზღაურება, რიგ შემთხვევაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამჟამინდელი პარლამენტის თანამდებობის პირების ანაზღაურება. შესაბამისად, რეალობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, 15 წელია პარლამენტის წევრის ანაზღაურება არ შეცვლილა. ამავე დროს ანაზღაურება იცვლებოდა საჯარო სექტორში ზოგადად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ცვლილების მიზანია, რომ პარლამენტის წევრების ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ არსებით საკანონმდებლო ჩარჩოსთან, რომელიც დადგინდა 5-6 წლის წინ, ამით 85%-ით ხდება კოეფიციენტის ათვისება და არა მაქსიმალურად.

გარდა ამისა ცვლილების მეორე პუნქტი შეეხება ერთჯერად ანაზღაურებებს, რომელიც წლებია არ შეცვლილა. კერძოდ, პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ზრდასთან ერთად ანალოგიურად იზრდება ერთჯერადი დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში. კერძოდ: თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 15 000 ლარისა; პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარი, ნაცვლად 10 000 ლარის და პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, გადაეცემა ერთჯერადი დახმარება 10 000-ის ნაცვლად 15 000 ლარის ოდენობით.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება მომდევნო მოწვევის პარლამენტს.

„წინასწარ ძნელია განჭვრიტო რომელი პარტია იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში, ასევე რთულია იმის განჭვრეტა ინდივიდუალურად ვინ იქნება იმ პარლამენტში. ასე რომ ამ მხრივაც სრულად ვითვალისწინებთ საკითხის მგრძნობელობას. უხერხულობა რომ მოეხსნას დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერის დროს, არცერთ ჩვენგანს, ვინც ამ პარლამენტში ვართ, ეს ცვლილება არ შეგვეხება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან კოლეგებს მიმართა, რომ ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში შეიქმნება სისტემა, რომელიც საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემის სრული ანარეკლი იქნება, მოხდება კოეფიციენტის დადგენა პარლამენტის წევრებისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება დროული და მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოწვევის პარლამენტი თავის თავზე არ ირგებს ამ ცვლილებას და ის შემდეგი მოწვევისთვის არის განსაზღვრული. ეს ცვლილება გარკვეულწილად ასახავს იმასაც, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური წინსვლა და შესაბამისად, საჯარო სექტორში ანაზღაურების მატება. ამავდროულად ვფიქრობ, ეს ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია იმ კუთხითაც, რომ ჩვენ ანტიკორუფციულ ხედვაზე გვაქვს საუბარი და ანაზღაურების შესაბამისობა გარკვეულ თანამდებობრივ მდგომარეობასთან სწორედ ანტიკორუფციული პოლიტიკის ადეკვატურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაც არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები