მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-წუთიანი ქალაქის მოდელი და 11-ჰექტრიანი განაშენიანება დიდუბეში - Biograpi Living-ის გეგმები

მაუდი

დეველოპერულმა კომპანია "ბიოგრაფ ლივინგმა" დიდუბეში, ყოფილი "მაუდის" ფაბრიკის ტერიტორიის განაშენიანებისთვის ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია MVRDV-სთან შეთანხმება გააფორმა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ფხაკაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, მსოფლიოს წამყვან ათეულში შემავალი ბიურო პროექტის კონცეფციასა და გენერალურ გეგმაზე უკვე მუშაობს.

ფხაკაძის შეფასებით, 11 ჰექტარზე დაგეგმილი პროექტი მასშტაბითა და ლოკაციით კომპანიის პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივი იქნება.

მისი თქმით, მეტრო "დიდუბის" მოპირდაპირედ მდებარე ტერიტორიის რესურსი იძლევა საშუალებას, შეიქმნას უბნის ტიპის განაშენიანება, სადაც საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო ფუნქციები ერთ სივრცეში გაერთიანდება.

""მაუდის" ტერიტორია იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი "ბიოგრაფის" პორტფელში თავისი მასშტაბითა და ლოკაციით. ტერიტორია 11 ჰექტარს აღემატება და ქალაქის ერთ-ერთ საკვანძო სატრანსპორტო ადგილას, მეტრო "დიდუბის" მოპირდაპირედ მდებარეობს. ეს გაშლილი ტერიტორია და მისი მასშტაბი გვაძლევს საშუალებას, დავაპროექტოთ უბნის ტიპის საცხოვრებელი, სადაც განთავსდება როგორც სავაჭრო და კომერციული სივრცეები, ისე ბიზნეს და საცხოვრებელი ფუნქციები.

ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ჰოლანდიურ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას - ეს არის MVRDV, რომელიც მსოფლიოს არქიტექტურული კომპანიების ათეულში შედის. სწორედ MVRDV მუშაობს ამ პროექტის კონცეფციასა და გენგეგმაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მაგარ პროდუქტს დადებენ და ეს ტერიტორია გახდება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ლენდმარკი," - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ.

მისივე განმარტებით, "ბიოგრაფ ლივინგის" მთავარი ხედვა გულისხმობს, რომ ქალაქის ნებისმიერ უბანში განხორციელებული პროექტი ერთიან, მაღალ სტანდარტს ემორჩილებოდეს. ამ ეკოსისტემის დასაცავად, კომპანია კომერციულ ფართებს მხოლოდ იჯარით გასცემს, კერძო მფლობელობაში გადაცემის ნაცვლად.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ შევიზღუდავდით თავს გეოგრაფიულად და განვვითარდებოდით ქალაქის სხვადასხვა უბანში, თუმცა ყველგან დავიცავდით "ბიოგრაფის" სტანდარტსა და ხარისხს, რაც ჩვენი მთავარი ქვაკუთხედია. 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია იყო ჩვენი მთავარი დანაპირები და ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ მოდელის დანერგვას ქართულ დეველოპერულ ბაზარზე. ეს გულისხმობს ყველა საჭირო სერვისის მიღებას ფეხით 15 წუთის სავალ მანძილზე.

ამისთვის ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა წამყვან ბრენდთან. არსად, არც ერთ პროექტში არ ვყიდით კომერციულ ფართებს, რათა თავად გავაკონტროლოთ ის ბრენდები, რომლებიც შემოდიან ჩვენს სივრცეებში და ხდებიან ჩვენი მობინადრეების ყოველდღიური ეკოსისტემის ნაწილი", - აღნიშნავს ვასილ ფხაკაძე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასების, კონცეფციის პირველი ხელშესახები შედეგი დედაქალაქში პროექტი "საკენი" იქნება, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს და რომლის სამშენებლო ეტაპიც თითქმის დასრულებულია.

"ჩვენი პირველი პროექტი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "საკენი", ფაქტობრივად დასრულდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ის ზუსტად დათქმულ ვადებში შესრულდა და მობინადრეები უკვე 2027 წლის გაზაფხულიდან დაიწყებენ სარემონტო სამუშაოებს. ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი, სადაც მოსახლეობას უკვე ფიზიკურად შეეძლება ნახოს და შეიგრძნოს, თუ რა ტიპისა და ხარისხის პროდუქტს სთავაზობს "ბიოგრაფ ლივინგი" მომხმარებელს," - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები