„Biograpi Living-ი “დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის 11 ჰექტარ ტერიტორიაზე, ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის არქიტექტურულ და ურბანულ კონცეფციაზე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის სტუდია MVRDV იმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერას MVRDV-ის ურბანული და ლანდშაფტის მიმართულების ხელმძღვანელი ანა გასკო (Anna Gasco) და რეგიონული მიმართულების დირექტორი ბერტრან შიპანი (Bertrand Schippan) დაესწრნენ.
პროექტში დაგეგმილი ინვესტიცია 500 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, „Biograpi Living-ი“ MVRDV-სთან ერთად 11 ჰექტარ ტერიტორიაზე გამორჩეული ეკოსისტემის მულტიფუნქციურ კომპლექსს შექმნის და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორია თანამედროვე ურბანულ გარემოდ გარდაქმნება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტი მხოლოდ ახალი შენობების შექმნას არ ნიშნავდეს. ამ ტერიტორიის ისტორია, მისი მდებარეობა და კავშირი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ქმნის შესაძლებლობას, დიდუბეში ახალი ურბანული სივრცე აშენდეს, რომელიც თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებებით გამორჩეულ ეკოსისტემას შექმნის. შესაბამისად, „Biograpi Living“-ი MVRDV-სთან თანამშრომლობით თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონას თანამედროვე, მრავალფუნქციურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნის“, — აღნიშნავს „Biograpi Living-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
MVRDV 1993 წელს როტერდამში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის სტუდიაა. მისი საქმიანობა მოიცავს არქიტექტურას, ქალაქგეგმარებას, ლანდშაფტის დიზაინს, საჯარო სივრცეებისა და ურბანული განვითარების სტრატეგიების შექმნას. სტუდიას სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებელი, კომერციული, კულტურული და ფართომასშტაბიანი ურბანული განახლების პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
“Biograpi Living-ის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება.






















