მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1500 მეგავატი და ღია აუქციონი - მთავრობამ ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა გაასაჯაროვა

635f991d24409
მარიამ ვარადაშვილი
31.10.22 13:41
1185
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

“ამაში არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, ენერგეტიკის სექტორში მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი მექანიზმი გავრცელდება როგორც ჰიდრო, ასევე სხვა განახლებად ენერგიებზე.

“კონტრაქტები ღია, აუქციონის წესით გაფორმდება, სადაც ყველა დაინტერესებულ კომპანიას ან ინვესტორს შეუძლია საკუთარი წინადადება წარადგინოს. უახლოეს დღეებში გამზადებული გვექნება შესაბამისი ბრძანება. კონკრეტულ პროექტებზე კონკურსს არ გამოვაცხადებთ, არამედ კონკურსი იქნება დამატებითი სიმძლავრის შექმნაზე. ამის შემდეგ თავად პროექტიც და შესაბამისი წინადადება ინვესტორების მიერ იქნება წარდგენილი. ფაქტობრივად, ფასზე გარანტიას ვაძლევთ იმ მოცემულობით, რაზეც ხელშეკრულება გაფორმდება, შედეგად მომდევნო 15 წლის განმავლობაში ინვესტორს შესაძლებლობა ექნება გარანტირებული ფასი მიიღოს. ანუ როცა განსხვავება დაფიქსირდება ბირჟაზე არსებულ ფასსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასს შორის. სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა მხოლოდ მაშინ იქნება. ეს მნიშვნელოვანი გარანტიაა. ეს სქემა ითვალისწინებს ყველა იმ რისკის დაზღვევას, რაც შესაძლებელია რომ არსებობდეს. ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება მოხდა, თუმცა ეს სქემა ითვალისწინებს მის არსებობას, ის ღია უნდა იყოს და საბაზრო პრინციპებით ფუნქციონირებდეს. მხოლოდ ბირჟის პირობებში არის ეს დახმარების პროგრამა ვალიდური”,-განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრი განმარტავს, რომ საშუალო ზომის ჰესის შემთხვევაშიც კი, სანამ ის ექსპლუატაციაში შევა, მანამდე ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟა უკვე ფუნქციური იქნება. მისივე თქმით, დაფინანსების ახალ მექანიზმზე შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფაქტობრივად მიღწეულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები