მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეალურად, ევროკავშირის რომელ სანქციებს ვუერთდებით? - ლაშა ხუციშვილის პასუხი

646b5f1bee98b
თელარა გელანტია
22.05.23 16:33
964
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის სამოქალაქო ავიაცია დასანქცირდა. კერძოდ, 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს საჰერო სივრცე ჩაუკეტა, რაც ნიშნავს, რომ რუსული ავიაკომპანიები ევროკავშირის ქვეყნების საჰერო სივრცით ვერ სარგებლობენ. ევროკავშირმა რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს აეროპორტების გამოყენებაც აუკრძალა. შეზღუდვა გავრცელდა კერძო თვითმფინავებზეც. ამას გარდა, რუსეთში აიკრძალა სამოქალაქო ავიაციის სათადარიგო ნაწილების იმპორტიც. რუსეთის სამოქალაქო ავიაციას ანალოგიური სანქციები აშშ-მა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესეს. იმპორტის აკრძალვა ნიშნავს, რომ რუსული ავიაკომპანიები ვერ იღებენ ევროპასა და აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს. ამას გარდა, გასული წლის აპრილში ევროკავშირმა 21 რუსული ავიაკომპანია, მათ შორის სახელმწიფო Aeroflot-ი სპეციალურ სიაში შეიყვანა, რადგან ისინი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არ არიან ის რუსული კომპანიები, რომლებზეც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების ნებართვა გასცა. მიუხედავად სანქციებისა, საქართველოში რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" თბილისში ფრენები დაიწყო.

bm.ge-მ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და მათ შორის ავიასანქციების მიერთების შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა: 


- რეალურად, რა სანქციებს ვართ შეერთებული? მუდმივად ამბობთ, რომ მკაცრი მონიტორინგი ხდება სანქციების და ა.შ. მეორე მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახის წევრებთან მიმართებით თქვა, რომ საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს. ადრე თქვით, რომ იყო 1000-ზე მეტი შემთხვევა, როცა სანქცირებული საქონელი უკან გავაბრუნეთ. ვიცით, ყველა რუსული ავიაკომპანია სანქცირებულია, თუმცა „აზიმუტმა“ ფრენა მაინც დაიწყო. თავს ვიტყუებთ? მკაფიოდ გვითხარით, რა სანქციებს ვართ მიერთებული და რას - არა? ავიასანქციებს ვიცავთ? ცოტა გაუგებარია... 


- ძალიან ცუდია, თუ ვერ იგებთ ამას. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოს არ აქვს ინდივიდუალურად სანქციები დაწესებული[რუსეთისთვის], თუმცა საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების. თქვენ საუბრობთ კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით, რომლებიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რომ კონკრეტულ ფრენასთან, ან კონკრეტულ პირთან დაკავშირებით მოხდეს სანქციების გვერდის ავლა, ან სანქციების დარღვევა. მკაფიოდ განვმარტავთ - საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, რომელიც ეხება საფინანსო ოპერაციებს და ასევე საქართველო იცავს სანქციებს, რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით რეგულატორი არის ეროვნული ბანკი, რომელიც ახდენს ზედამხედველობას. სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებით რეგულატორი არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით ახდენს სანქციების აღსრულებას.

- ავიასანქციების შესრულება არ გადაწყდა? თუ როგორ ირჩევთ რას უერთდებით და რას - არა?

- აქ არჩევანზე არ არის საუბარი, აქ საუბარია კონკრეტული ფაქტების და კონკრეტული სანქციების შესაბამისობაზე. თუ კომპანია, ან ბორტი, თვითმფრინავი არის სანქცირებული, ეს თვითმფრინავი ვერ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ამის განუხრელად დაცვით ხდება აღნიშნული ავიამიმოსვლა მიმდინარე ეტაპზე. ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მიმართულებით, ავია, საზღვაო თუ სახმელეთო მიმართულებით, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს აქვს სრული შესაბამისობა. როცა საუბრობთ, რომ რომელიმე თვითმფრინავი, ავიაკომპანია, ან პიროვნება არის დასანქცირებული, უნდა იცოდეთ ეს ინფორმაცია. ნათლად არის ჩამოთვლილი, რა არის სანქცირებული და რა ითვლება სანქციების დარღვევად. ის, რომ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია ან რაღაც კატეგორია მისი ოპერაციების - ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად შეიძლება იყოს აკრძალული სანქციებთან მიმართებაში მისი ოპერირება. არსებობს კომპანიები, რომლებშიც ინვესტირებაა აკრძალული, ტვირთის შეძენაა აკრძალული და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ არ გავიგოთ მხოლოდ სიტყვა სანქცია და სიღრმემდე უნდა ჩავიდეთ, თუ რა შინაარსია ამ სანქციის უკან.

- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, შეცდომაშია შეყვანილი?

- საქართველო ასრულებს სანქციებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ეს არის მკაფიო ტექსტი, რაც შეესაბამება იმ რეალობას, რაშიც არის ქვეყანა. ეს არის ერთი ნაწილი და რაც შეეხება მეორეს - როცა ვსაუბრობთ აშშ-ში სანქციებზე, ეს ეხება კონკრეტულ თვითმფრინავებს, ბორტებს. ჩამოთვლილია ბორტები, რომლებიც მოხვედრილია სანქციების ქვეშ. ასეთი თვითმფრინავის მოხვედრა საქართველოს აეროპორტში იქნებოდა დარღვევა. ეს ფაქტი არც აქამდე მომხდარა საქართველოში და არც მოხდება.

- ევროკავშირის ვებ-გვერდზე წავიკითხეთ, რომ რუსეთში რეგისტრირებული ყველა ავიაკომპანია არის სანქცირებული, ამის პარალელურად, რუსული ავიაკომპანია იწყებს ფრენას საქართველოში. ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, პრემიერსაც ბევრჯერ უთქვამს ეს. თქვენი შეიძლება მე უფრო მჯეროდეს, მაგრამ რომელია სიმართლე?

- ძალიან ბევრჯერ ვუპასუხე ამ შეკითხვას და იმედია ეს იქნება ბოლოჯერ. საქართველო ახორციელებს სანქციებთან მიმართებით პოლიტიკას, რომ ვერც ერთმა სანქცირებულმა პირმა ვერ შეძლოს საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა. შესაბამისად, ამისთვის გადადგმულია ყველა ნაბიჯი. დღემდე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს დადასტურებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მიერ. მათ შორის მათგან, ვისაც დაწესებული აქვს სანქციები. ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის შეხვედრები, რაც პარტნიორებთან გვაქვს.

- ირაკლი კობახიძე გვატყუებს? ის ამბობს, რომ სანქციებს მიერთებული არ ვართ...

- ძალიან მარტივია, საქართველოს არ აქვს ინდივიდუალურად დაწესებული სანქციები. მიერთება რას ნიშნავს? ღილაკი ხომ არ არის, რომელსაც მიუერთდები? სანქციების აღსრულება ნიშნავს იმას, რომ არ იქნას ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი გაგვაჩნია. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს ამის აღსრულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები