მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$159 509, €10 000-ის, ₾40 000 სესხები, ათიათასობით ლარისა და ლირის სამედიცინო ხარჯი | თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია

თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რიჟვაძემ სამედიცინო და ამბულატორიული მომსახურების უზრუნველსაყოფად 159 500 აშშ დოლარის, 40 000 ლარისა და 10 000 ევროს სესხები აიღო. მათ შორის, 30 000 დოლარი შვილის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის ისესხა და თანხა ჰოსპიტალში გადარიცხა.

დეკლარაციაში ასევე ასახულია თორნიკე რიჟვაძის, მისი მეუღლისა და მამის სამედიცინო, ქირურგიული, ონკოლოგიური, ოფთალმოლოგიური და რადიოლოგიური მომსახურების ხარჯები, რომლებიც სხვადასხვა ვალუტაშია მითითებული.

საქმე ის არის, რომ ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ირაკლი კობახიძემ 2026 წლის გაზაფხულზე თქვა "თორნიკე [რიჟვაძე] არის კარგად… მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა და არის ჯანმრთელად"

რა სამედიცინო ხარჯები აქვს დეკლარირებული თორნიკე რიჟვაძის ოჯახს?

დეკლარაციის თანახმად, თავად თორნიკე რიჟვაძეს 20 188 აშშ დოლარის ქირურგიული ხარჯი აქვს მითითებული. ამავე დოკუმენტში ასახულია 3 373 ლარის სამედიცინო ხარჯი, 19 790 თურქული ლირის ოფთალმოლოგის მომსახურება, 25 591 ლარის სამედიცინო მომსახურება და 26 392 ლარის რადიოლოგის მომსახურება.

რიჟვაძის მეუღლის, მაგდა მამულაძის სახელზე დეკლარირებულია 11 700 აშშ დოლარის ონკოლოგიური და ქირურგიული ხარჯი, ხოლო მამის, დავით რიჟვაძის სამედიცინო ხარჯი 1 882 აშშ დოლარს შეადგენს.

ქირურგიული და ონკოლოგიური ხარჯების ჩანაწერებს დეკლარაციაში მითითებული აქვს შენიშვნა „სესხის ფარგლებში“.

დეკლარაციის მიხედვით, 2025 წლის 1 სექტემბერს თორნიკე რიჟვაძემ 40 000 ლარისა და 22 000 აშშ დოლარის სესხები აიღო. ორივე შემთხვევაში თანხის დანიშნულებად სამედიცინო და ამბულატორიული მომსახურების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ არის მითითებული. სესხები 2026 წლის 12 იანვრამდე მოქმედებდა და დეკლარაციის განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ დაბრუნდა.

მომდევნო დღეს, 2 სექტემბერს, რიჟვაძემ კიდევ ორი სესხი აიღო, თითოეული 45 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ შემთხვევაშიც დანიშნულებად სამედიცინო და ამბულატორიული მომსახურების უზრუნველყოფაა მითითებული. ორივე სესხი 2025 წლის 24 დეკემბრამდე მოქმედებდა და დეკლარაციის თანახმად, უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ დაბრუნდა.

გარდა ამისა, 2025 წლის 9 ივლისს რიჟვაძემ შვილის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებისთვის 30 000 აშშ დოლარი ისესხა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თანხა ჰოსპიტალში გადაირიცხა. ეს სესხი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის კვლავ მოქმედი იყო.

სამედიცინო მიზნობრიობის გარეშე რიჟვაძემ 2025 წლის 24 დეკემბერს კიდევ 9 000 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, დაბრუნებულია.

ამრიგად, 2025 წელს თორნიკე რიჟვაძის მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა 151 000 აშშ დოლარსა და 40 000 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის როგორც სამედიცინო საჭიროებისთვის აღებული, ისე 9 000-დოლარიანი სესხი, რომლის მიზნობრიობაც დეკლარაციაში მითითებული არ არის.

სამედიცინო საჭიროებისთვის სესხები რიჟვაძის ოჯახის სხვა წევრებსაც აქვთ აღებული. მისმა მეუღლემ, მაგდა მამულაძემ, 2025 წლის 2 სექტემბერს პირადი სამედიცინო და სამკურნალო ხარჯებისთვის 10 000 ევრო ისესხა. რიჟვაძის დედამ, მადონა ბოლქვაძემ კი 9 ივლისს 17 500 აშშ დოლარის სესხი აიღო შვილის [თორნიკე რიჟვაძის] საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო ავიატრანსპორტირებისთვის.

ამასთან, დეკლარაციაში მითითებულია, რომ რიჟვაძეს 2018 წლის 6 ივლისს 105 000 აშშ დოლარის საბანკო სესხი აქვს აღებული. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2033 წლის 7 ნოემბრამდეა განსაზღვრული. 2025 წელს ამ სესხთან დაკავშირებით 19 510.07 აშშ დოლარის გასავალია დეკლარირებული.

რა უძრავ ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი?

თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაშია 50 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ის 2014 წლის 6 იანვარს 65 000 აშშ დოლარად შეიძინა.

მისი მეუღლის, მაგდა მამულაძის სახელზეა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 71.3 კვ.მ ბინა, რომელიც 2007 წელს ჩუქებით მიიღო; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში მდებარე 2 825 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ხულოში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის 33.3%. ამ უკანასკნელ ნაკვეთზე 340.7 კვ.მ საცხოვრებელი სახლია განთავსებული. ქონება 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო.

რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის საკუთრებაშია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე 67.47 კვ.მ ბინა. დეკლარაციის შენიშვნის მიხედვით, ბინა 1995 წელს შეიძინა, ხოლო 2015 წელს ფართობის დაზუსტებისას 5 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

მამის სახელზეა ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობებია 3 000, 2 000 და 2 000 კვ.მ. სამივე 2011 წელს ჩუქებით მიიღო. გარდა ამისა, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მას ორი სათავსი აქვს — 3.34 და 4.36 კვ.მ ფართობის.

დეკლარაციაში რიჟვაძის დედის, მადონა ბოლქვაძის სახელზეც არის მითითებული ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 20.02 კვ.მ კომერციული ფართი. დოკუმენტის თანახმად, ქონება 2013 წელს იყო შეძენილი, 2023 წელს კი გასხვისებული მომავალი საკუთრების უფლებით. მხარეთა შეთანხმებით, 2025 წლის 26 ნოემბერს ხელშეკრულება გაუქმდა და საკუთრება უკან დაბრუნდა.

რა შემოსავალი მიიღო რიჟვაძის ოჯახმა 2025 წელს?

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობისას, 2025 წლის 1 იანვრიდან 4 აპრილამდე, ხელფასის სახით 32 033.47 ლარი მიიღო.

მისმა მეუღლემ, მაგდა მამულაძემ, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობით, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე 6 730.24 ლარი მიიღო.

რიჟვაძის კომერციული ფართის გაქირავებიდან 2025 წელს 17 086.24 ლარის შემოსავალია დეკლარირებული. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, ფართის ქირა თვეში 1 200 აშშ დოლარს შეადგენდა. ხელშეკრულება 2025 წლის 31 მაისს დასრულდა.

2025 წლის 23 დეკემბერს თორნიკე რიჟვაძემ უძრავი ქონება 130 000 აშშ დოლარად გაასხვისა. საკუთრების უფლება მყიდველს 24 დეკემბერს გადაეცა. დეკლარაციის მიხედვით, ნასყიდობის თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა.

რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობით, 2025 წლის 1 იანვრიდან 15 აპრილამდე 16 847.16 ლარი მიიღო. მის სახელზე ასევე 5 348 ლარის სახელმწიფო პენსია/სოციალური პაკეტია ასახული.

რიჟვაძის დედა ინდივიდუალური მეწარმეა და ამ საქმიანობიდან 746.28 ლარის შემოსავალი მიიღო. მისმა რძალმა, მაგდა მამულაძემ, 2025 წლის 17 ოქტომბერს პირადი ავტომობილი 4 000 აშშ დოლარად გაყიდა.

საბანკო ანგარიშები

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის თორნიკე რიჟვაძეს „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 743.46 ლარი, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 22 003 აშშ დოლარი ჰქონდა.

ამავე ბანკში მის სახელზე 42 484 აშშ დოლარი იყო განთავსებული ოფსეტ ანგარიშზე. დეკლარაციის შენიშვნის მიხედვით, თანხა ბინის გასხვისების შედეგად იყო მიღებული და სასესხო ვალდებულების მომსახურებასა და დაფარვას ემსახურებოდა. რიჟვაძეს ასევე მითითებული აქვს 6 500-ლარიანი Amex საკრედიტო ანგარიში.

მისი მეუღლის, მაგდა მამულაძის ანგარიშებზე „საქართველოს ბანკში“ 2 693 აშშ დოლარი და 10 000 ევრო იყო. დეკლარაციის მიხედვით, ეს უკანასკნელი თანხა სესხია.

თურქულ Ziraat Bankasi-ში მამულაძის სახელზე რამდენიმე ანგარიშიც არის მითითებული, მათ შორის 325 577 და 27 200 თურქული ლირის, ასევე 2 500 აშშ დოლარის ნაშთებით. დეკლარაციის შენიშვნის თანახმად, ერთ-ერთ ანგარიშზე თანხა თურქეთის ლიცენზირებულ ბანკში ანგარიშის გახსნის მინიმალური დეპოზიტია, დაახლოებით 8 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი კურსთაშორისი სხვაობისა და სარგებლის გათვალისწინებით. ამ ანგარიშზე ინტერნეტბანკინგი შეზღუდულია.

სხვა ხარჯები და სამეწარმეო საქმიანობა

სამედიცინო ხარჯების გარდა, თორნიკე რიჟაძეს 12 107.25 ლარის სწავლის საფასურიც აქვს დეკლარირებული.

დოკუმენტში ასევე ასახულია რიჟაძის დედის, მადონა ბოლქვაძის მიერ შვილიშვილების სწავლის საფასურისა და მომდევნო სასწავლო წლის ავანსების გადახდები. დეკლარაციის მიხედვით, ბოლქვაძემ შვილისგან 100 000 აშშ დოლარი საჩუქრად მიიღო. თანხა ქალიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად იყო მიღებული და სწორედ ამ თანხით გადაიხადა შვილიშვილების სწავლის საფასურისა და დღგ-ის გარკვეული ხარჯები.

თორნიკე რიჟვაძე შპს „აჭარა ბერრის ლიმითედის“ 25%-იანი წილის მფლობელია. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საწარმო 2009 წლიდან აღარ ფუნქციონირებს და 2025 წელს მისგან შემოსავალი არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები