შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო.
2026 წლის 15 ივნისს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, ხარაზიშვილი უძრავი ქონების სახით ფლობს:
- 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, გლდანში, რომელიც 2010 წელს 3 000 აშშ დოლარად შეიძინა;
- 56,7 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, გლდანის III მიკრორაიონში (შეძენილია 2005 წელს 15 000 აშშ დოლარად);
- მიწის ნაკვეთებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში (მიღებული რეფორმით).
მოძრავი ქონება და შემოსავლები
დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 22 მაისს ხარაზიშვილმა 25 000 აშშ დოლარად შეიძინა 2023 წლის მსუბუქი ავტომანქანა Toyota Sequoia. ავტომობილის 100%-იანი წილის მესაკუთრედ მითითებულია მისი არასრულწლოვანი შვილი ხარება ხარაზიშვილი.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე (სიდანაც დეკლარაციის მიხედვით 2025 წლის 6 ოქტომბერს გადადგა) ხარაზიშვილმა 2025 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში ხელფასის სახით 60 998,47 ლარი (ხელზე აღებული) მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში ზვიად ხარაზიშვილს „თიბისი ბანკსა“ და „ბანკ ქართუში“ არსებულ სახელფასო ანგარიშებზე 0 ლარი, 0 ევრო და 0 აშშ დოლარი ერიცხებოდა.
ხარაზიშვილი ასევე ფლობს 100%-იან წილს შპს „პი-ეს-სი საქართველოში“, თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ საწარმო არ ფუნქციონირებს და გასულ წელს იქიდან შემოსავალი არ მიუღია.
2025 წელს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, 2026 წლის დეკლარაციაში ზვიად ხარაზიშვილს აღარ უფიქსირდება წილი შპს „სარანგში“ და ბანკში არსებული 5 443-ლარიანი ნაშთი, თუმცა დაემატა 2025 წელს შვილის სახელზე 25 000 დოლარად შეძენილი Toyota Sequoia, ხოლო მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა თანამდებობიდან გადადგომამდე 60 998 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, ზვიად ხარაზიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ მოექცა, რის გამოც იგი შს ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად (რომელმაც თანამდებობა 28 მაისს დატოვა) აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირეს.























