სექტემბრიდან უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის აპრილში გამოეყო. სამთავრობო სტრუქტურაში დაგეგმილ ცვლილებამდე, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
კახაბერ გულედანმა მინისტრის პოსტი 2025 წლის აპრილში დაიკავა. მანამდე მას კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სხვადასხვა დროს მას ასევე ეკავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა (2016-2017 წლებში), იყო სამგორის რაიონის გამგებელი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი და თბილისის ვიცე-მერი (2022-2025 წლებში).
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს კახა გულედანი - დეკლარირებული მონაცემები
მოქმედმა მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისში წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, მის სახელზე რეგისტრირებული ყველა უძრავი ქონება მემკვიდრეობით არის მიღებული:
- 3 000 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ინესგუნში (2006 წლის მემკვიდრეობა);
- 65 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში (2006 წლის მემკვიდრეობა);
- ორი მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში (2006 წლის მემკვიდრეობა);
- 603 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ ლენჯერში (2023 წლის მემკვიდრეობა).
დეკლარაციის შევსების მომენტში, გულედანს საბანკო ანგარიშებზე ჯამში 30 550 აშშ დოლარი და 9 797 ლარი ირიცხებოდა.
რაც შეეხება ნაღდ ფულს, მინისტრს ჰქონდა 125 000 აშშ დოლარი (საიდანაც 65 ათასი დოლარი წილის გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი იყო, ხოლო 60 ათასი დოლარი ანგარიშიდან გატანილი თანხა) და 25 000 ევრო.
დოკუმენტის მიხედვით, კახაბერ გულედანი რამდენიმე კომპანიის მეწილეა:
- ფლობს შპს CZAR CAPITA-ის 100%-იან წილს;
- ფლობს შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ 21%-იან წილს.
ორივე საწარმოს წილი მინისტრს მართვის უფლებით სხვა პირზე აქვს გადაცემული. „მეტროლოგიის ცენტრის“ საქმიანობით მან გასულ წელს შემოსავლის სახით 128 291 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, გულედანი ფლობს შპს „სუფთა სამყაროს“ 35%-იან წილს. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ იგი ფლობდა შპს „კოფე მიქსის“ 50%-იან წილსაც, რომელიც 2025 წლის ივლისში უსასყიდლოდ გაასხვისა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კახაბერ გულედანმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე (2025 წლის 18 აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით) შემოსავლის სახით 83 497 ლარი მიიღო. ხოლო 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 18 აპრილამდე, თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე 26 478 ლარი.
მინისტრის მეუღლის სახელზე უძრავი ან მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. დეკლარაციის შევსების მომენტში მის საბანკო ანგარიშებზე ჯამში 11 742 დოლარი და 1 401 ლარი ირიცხებოდა.
იგი ფლობს შპს „გამა 2008“-ის წილს, თუმცა აღნიშნული საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. გასულ წელს, ოთხ სხვადასხვა პოზიციაზე, მისმა ჯამურმა შემოსავალმა 43 476 ლარი შეადგინა.




























