16 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 10-დან ერთი ბავშვი მწეველია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განმარტებით თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში. მისივე თქმით ქვეყანაში მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მაინც საყურადღებოა 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10- დან ერთი ბავშვი მწეველია, რაც შეეხება მწეველობის სიმძიმეს ზოგად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% არის მწეველი და ეს უკავშირდება უდიდეს დანახარჯს, როგორც ფინანსურად ასევე სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის დანაკარგის კუთხით.
სპეციალისტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალებას და ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.
ცნობისთვის: 31 მაისს, მსოფლიო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,
რომელსაც საქართველოც უერთდება.