მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

რესპუბლიკური საავადმყოფო

ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 1 624 400 ევროა.

პროექტი ითვალისწინებს ახალი კორპუსის პროექტირებასა და არსებული 12-სართულიანი შენობის არქიტექტურულ-სამშენებლო და საინჟინრო ინტეგრაციას.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ.№29-ში მდებარე ძირითადი შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ ინიციატივითა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გამოიკვეთა არსებულ შენობასთან ინტეგრირებული ახალი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კორპუსის მშენებლობის მიზანშეწონილობა რომელშიც განთავსდება საოპერაციო, რეანიმაციული, რადიოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ბლოკები. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია სახანძრო უსაფრთხოების, ვენტილაცია-კონდიცირების, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე მოთხოვნებით, რომელთა სრულყოფილად უზრუნველყოფა არსებულ შენობაში დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ შეზღუდვებთან.

ახალი და არსებული კორპუსების საპროექტო სამუშაოების პარალელურ რეჟიმში განხორციელება აუცილებელია მათი არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემების სათანადო ინტეგრაციისათვის. საპროექტო მომსახურების შესყიდვის შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდგომი ტექნიკური კორექტირებების საჭიროება, ნებართვების მიღების პროცესის გახანგრძლივება, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ფინანსური ხარჯები და მთლიანად პროექტის განხორციელების ვადების გადავადება.

ვინაიდან, ახალი სამედიცინო კორპუსის მშენებლობის მიზანშეწონილობა, გამოიკვეთა მიმდინარე ხელშეკრულების ფარგლებში (მომსახურების გაწევის დროს), ამიტომ მითითებული პროექტის მომზადების საჭიროება ვერ იქნებოდა წინასწარ დაგეგმილი, ხოლო სათანადო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებითა და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მოვამზადეთ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არის რესპუბლიკურის ახალი კორპუსის პროექტირებაზე საჭირო გამარტივებული შესყიდვა:

“ვინაიდან, სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო კლინიკების განვითარება, ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოცემულობას წარმოადგენს ქ.თბილისში სახელმწიფო მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირება, რომელსაც წარმოადგენს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა", ამიტომ მიზანშეწონილია პროექტი განხორციელდეს უმოკლეს ვადებში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელებამ კი შესაძლოა დაგვაყენოს სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის რისკებთან.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეზღუდულ ვადებში განხორციელდეს დაგეგმილი ახალი სამედიცინო კორპუსის საპროექტო მომსახურების ინტეგრაცია „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ძირითადი შენობა-ნაგებობის მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო მომსახურებასთან”.

ცნობისთვის

2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს.

თუმცა, 2024 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ შეცვალა.

არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოს არაერთი სართული უფუნქციოა და შენობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.

2026 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს უფლება მისცა 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები