მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16 წლის მოზარდის მიერ შექმნილმა თამაშმა Roblox-ის მომხმარებელთა რიცხვი 111 მილიონამდე გაზარდა

roblox

ვირუსულად გავრცელებული ფერმის სიმულაციური თამაშის, Grow a Garden-ის წყალობით, წლის მეორე კვარტალში Roblox-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, რის შემდეგაც ვიდეოთამაშების პლატფორმა Roblox-ის აქციები 16%-ით გაძვირდა.

უფასო თამაშებმა და PlayStation-ის მსგავს მოწყობილობებზე ფართო ხელმისაწვდომობამ Roblox-ის პლატფორმას საშუალება მისცა, სხვადასხვა ასაკობრივი და დემოგრაფიული ჯგუფის მიხედვით, მილიონობით მომხმარებელი მოეზიდა, რამაც ის ეკონომიკური რყევებით საფრთხის ქვეშ მოქცეულ სექტორში ინვესტორების ფავორიტად აქცია.

Grow a Garden კი სიმულაციური თამაშია, რომელიც მოთამაშეებს მიწის ნაკვეთების გაზრდის საშუალებას აძლევს, მარცვლეულისა და მცენარეების გაცვლის გზით. მეორე კვარტალში Roblox-ის ზრდაში ძირითადი კონტრიბუცია სწორედ Grow a Garden-ის სახელს უკავშირდება.

მარტში გამოშვებულმა თამაშმა მსოფლიო რეკორდი ერთდროულად ყველაზე მეტი მოთამაშის რაოდენობით ივლისში დაამყარა. დღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 41%-ით, 111.8 მილიონამდე გაიზარდა, ნათამაშები საათების რაოდენობა კი 58%-ით - 27.4 მილიარდამდე.

Grow a Garden-ის წყალობით Roblox უკვე პროგნოზირებს, რომ 2025 წლის გაყიდვები $5.97 მილიარდამდე გაიზრდება, მანამდე ნავარაუდები $5.36 მილიარდიანი მაჩვენებლის ნაცვლად.

აღსანიშნავია, რომ თამაშების შექმნის მხარდასაჭერად, Roblox-მა დაჯილდოების პროგრამა შემოიღო და 12 თვის განმავლობაში 18 დეველოპერს $10 მილიონზე მეტი გადაუხადა.

უცნობია, რა თანხა გამოიმუშავა Grow a Garden-ის შემქმნელმა, 16 წლის მოზარდმა, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია და პლატფორმაზე BMWlux-ის სახელითაა ცნობილი. იგი Roblox-ზე თამაშების დეველოპერული სტუდია GoHardGames-ის დამფუძნებელია და პლატფორმა 50-ზე მეტი მინი თამაშის თანაავტორი. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდმა Grow a Garden 2-3 დღეში შექმნა. მოგვიანებით, თამაში მისგან ახალ ზელანდიელმა დეველოპერმა, Jandel-მა შეისყიდა, თუმცა ამ გარიგების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები