მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GTA 6-მა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - პირველი დღის შემოსავალი $3.8 მილიარდია

gta 6

ვიდეოთამაშ Grand Theft Auto 6-ის (GTA 6) გაყიდვებმა გამოსვლის პირველივე დღეს რეკორდი მოხსნა და 3.8 მილიარდი აშშ დოლარი დააგენერირა. ამ მაჩვენებლით ის მთელ გასართობ ინდუსტრიაში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სტარტის მქონე პროდუქტი გახდა.

Rockstar Games-ის მშობელმა კომპანია Take-Two-მ განაცხადა, რომ ეს მონაცემები 19 ნოემბრის ბოლოს არსებულ შეფასებებს ეფუძნება და აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს "ნებისმიერი მედიუმის გასართობ პროდუქტებს შორის". ოფიციალურ გამოშვებამდე თამაშის 32.5 მილიონი ეგზემპლარი წინასწარ იყო გაყიდული.

შედარებისთვის: მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა "Spider-Man: Brand New Day"-მ კინოთეატრებში ჩვენების მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამში 2.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ინტერნეტინფრასტრუქტურის კომპანია Cloudflare-ის ინფორმაციით, თამაშის გამოსვლის მომენტში დიდ ბრიტანეთში PlayStation 5-ის ჩამოტვირთვების მაჩვენებელმა ჩვეულებრივ დონეს 8.6-ჯერ გადააჭარბა. ახალ ზელანდიაში კი, სადაც GTA 6 პირველად გახდა ხელმისაწვდომი, ოთხი საათით ადრე ჩამოტვირთვების 14.8-მაგი ზრდა დაფიქსირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოთამაშეებმა დროზე ადრე წვდომის მისაღებად რეგიონის პარამეტრები შეცვალეს.

Cloudflare-მა ასევე დააფიქსირა ტრაფიკის მასშტაბური მატება Rockstar-ის ონლაინ-სერვისებზე: ავსტრალიაში აქტივობამ ჩვეულებრივ ნორმას 11.2-ჯერ, ხოლო აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე 9.3-ჯერ გადააჭარბა. ევროპაში განსაკუთრებით მაღალი ინტერესი დიდ ბრიტანეთში გამოიკვეთა, სადაც აქტივობა ნორმას შვიდჯერ აღემატებოდა, საფრანგეთსა და გერმანიაში კი - 5.3-ჯერ.

ახალმა გამოშვებამ საკუთარი წინამორბედის, 13 წლის წინ გამოსული Grand Theft Auto V-ის რეკორდი მკვეთრად გააუმჯობესა. GTA V-ს აქამდე ვიდეოთამაშების ისტორიაში გამოსვლის პირველ კვირაში საუკეთესო გაყიდვების რეკორდი ეკუთვნოდა, როდესაც მან მხოლოდ ხუთ დღეში 1.15 მილიარდი დოლარი მოაგროვა.

GTA 6 Rockstar-ის თითქმის სამი ათწლეულის ისტორიის მქონე კრიმინალური სიმულატორის ფრენჩაიზის უახლეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად იქცა. სერიის მთავარი არსი "ამერიკული ოცნების" სატირული ასახვაა, სადაც მოთამაშეები ფლორიდის პროტოტიპად შექმნილ შტატ ლეონიდაში გამოცდილი კრიმინალების როლს ირგებენ.

ახალი თამაშის სიუჟეტი ორ წვრილმან დამნაშავეს - ლუსიასა და მის პარტნიორ ჯეისონს მიჰყვება.

შეფასებების თანახმად, GTA 6-ის შექმნა 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა, რაც მას ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ვიდეოთამაშად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები