დეველოპერული სტუდია Rockstar Games-ის გეგმების შესახებ ინფორმირებული ოთხი ინდუსტრიული წყაროს ინფორმაციით, Grand Theft Auto 6-ის პერსონალური კომპიუტერების ვერსია 2027 წლის პირველ კვარტალში გამოვა.
აღსანიშნავია, რომ გამოცემა GamesBeat-ის მიერ გავრცელებული ეს ცნობა კომპანიის სტანდარტული პრაქტიკიდან მნიშვნელოვანი გადახვევაა, რადგან სტუდია კომპიუტერულ ვერსიებს კონსოლებზე გამოსვლიდან სულ მცირე ერთი წლის შემდეგ უშვებს. მაგალითად, მოთამაშეები Grand Theft Auto 5-ის ადაპტირებულ ვერსიას თითქმის ორი წელი ელოდნენ, ხოლო Red Dead Redemption 2-ის შემთხვევაში ამ პროცესმა ერთ წელზე მეტი წაიღო.
ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ RG-ს მიერ დაგეგმილი სვლა პირდაპირ კავშირშია ფინანსურ მოტივაციასთან. როგორც ცნობილია, ანალიტიკოსები GTA 6-ზე უპრეცედენტო მოთხოვნას პროგნოზირებენ და პირველივე კვირაში $3 მილიარდიდან $5 მილიარდამდე შემოსავალს ელიან. შესაბამისად, თუ კომპანია კომპიუტერული ვერსიის მალევე გაშვებას მოახერხებს, ეს გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის.
ამასთან, PC-ვერსიის დროული ჩაშვება სტუდიას ონლაინ-სერვისის სწრაფად გაშვებაში დაეხმარება, რაც კომპანიისთვის შემოსავლის უმთავრესი წყარო შეიძლება გახდეს. მაგალითისთვის, GTA Online-ის არსებული ვერსია ყოველდღიურად $1 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს, მისი ჯამური შემოსავალი კი უკვე $5 მილიარდს აღწევს.





















