ვიდეოთამაშების ინდუსტრია დიდი ხანია გასცდა უბრალო გართობის ჩარჩოებს და გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ, მრავალმილიარდიან სექტორად იქცა. დღეს თამაშების წარმოების, უახლესი გრაფიკული ძრავების დანერგვისა და გლობალური მარკეტინგის ხარჯები ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი ბლოკბასტერების ბიუჯეტებსაც კი საგრძნობლად აჭარბებს.
ამის ნათელი დასტურია Grand Theft Auto VI-ის ირგვლივ ატეხილი უპრეცედენტო აჟიოტაჟიც - გავრცელებული ცნობებით, Rockstar-მა ამ პროექტზე 2 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, ხოლო ინტერესი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კომპანიამ უახლესი თრეილერის პრემიერა ჯერ Netflix-ზე გამართა და მხოლოდ ამის შემდეგ გახადა საჯარო.
მაგრამ რამდენად შორს წასულან დეველოპერები საკუთარი იდეების ხორცშესასხმელად წლების განმავლობაში? გთავაზობთ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეოთამაშების ათეულს, (ინფლაციის გათვალისწინებით):
10. Destiny (2014)
Bungie-სა და Activision-ის ამბიციური სამეცნიერო-ფანტასტიკური მსროლელის ბიუჯეტმა დღევანდელი კურსით კოლოსალურ 197 მილიონ დოლარს (თავდაპირველად $140 მილიონი) მიაღწია, რაც დიდწილად ვიზუალურად შთამბეჭდავი სამყაროსა და სიუჟეტის შექმნამ განაპირობა. რისკიანი ინვესტიცია მყისიერად გამართლდა: თამაშმა გამოსვლის პირველსავე დღეს 10 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა და დეველოპერებს ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
9. Halo 2 (2004)
Bungie-ს მიერ შექმნილმა საკულტო პროექტმა Halo 2-მა პირველი პირის მსროლელთა ჟანრში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა თავისი ინოვაციური მრავალმომხმარებლიანი (multiplayer) რეჟიმით. ამ თამაშის შექმნა ინფლაციის გათვალისწინებით 221 მილიონ დოლარამდე (საწყისი ბიუჯეტი 1125 მილიონი) დაჯდა, რამაც სრულიად გაამართლა - გამოსვლიდან ორი ათწლეულის შემდეგაც კი, თამაში ორიგინალი Xbox-ის ყველა დროის ბესტსელერად რჩება 8.5 მილიონზე მეტი გაყიდული ასლით.
8. Horizon Forbidden West (2022)
სტუდია Guerrilla Games-მა თავისი პოპულარული როლური სამოქმედო საგის გაგრძელებაზე 300-კაციანი ელიტური გუნდი დაასაქმა და პროექტში თანამედროვე შეფასებით 242 მილიონი დოლარი (პირვანდელი $212 მილიონი) ჩადო. Horizon Forbidden West-ის მაღალი წარმოების ხარისხმა და დეტალურმა სამყარომ გეიმერების მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც პროექტის გაყიდვებმა 8.5 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.
7. Final Fantasy VII (1997)
სიის უძველესმა წარმომადგენელმა, Square Enix-ის Final Fantasy VII-მა, ჯერ კიდევ 1997 წელს დაამკვიდრა ვიზუალური ეფექტებისა და სიუჟეტის სრულიად ახალი სტანდარტები, რაც დღევანდელი გათვლებით თავბრუდამხვევ 264 მილიონ დოლარამდე (იმ დროისთვის $127 მილიონამდე) შეფასდა. ლეგენდარულმა RPG-მ 15 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა და ინდუსტრიაზე ისეთი წარუშლელი კვალი დატოვა, რომ 2020 წელს მისი მაღალბიუჯეტიანი რიმეიქიც გამოვიდა.
6. The Last of Us Part II (2020)
Naughty Dog-ის მიერ შექმნილ გახმაურებულ პოსტაპოკალიფსურ დრამას გულშემატკივრები შვიდი წელი ელოდნენ, მისი განვითარების ბიუჯეტი კი ინფლაციის კორექტირებით 284 მილიონ დოლარს (თავდაპირველად $220 მილიონი) გაუტოლდა. ფინანსური რისკი The Last of Us Part II-სთვის უაღრესად მომგებიანი გამოდგა - პირველსავე თვეში 2.8 მილიონი, 2022 წლისთვის კი 10 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა HBO-ს პოპულარულ სატელევიზიო ადაპტაციასაც.
5. Star Wars: The Old Republic (2011)
BioWare-ისა და LucasArts-ის ერთობლივი ქმნილება ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ძვირად ღირებული ონლაინ როლური თამაში (MMORPG), რომლის შექმნაც დღევანდელი კურსით 297 მილიონი დოლარი (საწყისი $200 მილიონი) დაჯდა. „ვარსკვლავური ომების“ სივრცის მასშტაბურმა სამყარომ და ბრძოლის დინამიკურმა სისტემამ პროექტს კომერციული ტრიუმფი მოუტანა: ერთ წელიწადში 2 მილიონი ასლი გაიყიდა, ხოლო 2019 წლისთვის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააბიჯა.
4. Grand Theft Auto V (2013)
Rockstar Games-ის ხუთწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი - Grand Theft Auto V - თანამედროვე ეკვივალენტით უზარმაზარი თანხა, 380 მილიონი დოლარი (საწყისი $265 მილიონი) დაჯდა. თუმცა, ეს ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესგადაწყვეტილება აღმოჩნდა: თამაშმა გამოსვლიდან სულ რაღაც სამ დღეში $1 მილიარდი გამოიმუშავა, დღეისთვის კი მისი გაყიდვები წარმოუდგენელ 230 მილიონ ეგზემპლარს აღემატება.
3. Call of Duty: Modern Warfare 2 (2009)
Infinity Ward-ისა და Activision-ის საკულტო პირველი პირის შუთერზე გაწეული ხარჯები დღევანდელი მაჩვენებლებით 389 მილიონ დოლარს (თავდაპირველად $250 მილიონს) აღწევს. თამაშის უმაღლესი დონის გრაფიკამ და პულსის ამაჩქარებელმა გეიმპლეიმ მთელი მსოფლიოს მოთამაშეები მიიზიდა, რის წყალობითაც Call of Duty: Modern Warfare 2-მა უკვე 2010 წლისთვის საცალო გაყიდვებიდან მილიარდიანი შემოსავალი დააფიქსირა.
2. Red Dead Redemption 2 (2018)
Rockstar-ის ღია სამყაროს ვესტერნმა ვიზუალური დეტალიზაციითა და თხრობის სიღრმით ინდუსტრიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც მარკეტინგის ჩათვლით, სხვადასხვა შეფასებით, დღევანდელი კურსით 718 მილიონ დოლარამდე (თავდაპირველად $370540 მილიონი) დასჭირდა. ეს ასტრონომიული ინვესტიცია სრულად ანაზღაურდა - Red Dead Redemption 2-მა 70 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა და გამომცემელს კოლოსალური მოგება მოუტანა.
1. Grand Theft Auto VI (2026)
მთელი გლობალური გასართობი ინდუსტრიის უდავო რეკორდსმენი Grand Theft Auto VI გახლავთ, რომლის შექმნასა და ბრენდინგზე გავრცელებული ცნობებით 2 მილიარდ დოლარამდე იხარჯება, რაც ჰოლივუდის ისეთი გიგანტების ბიუჯეტსაც კი უსწრებს, როგორებიცაა „ავატარი“ და „ვარსკვლავური ომები“. ფლორიდის ანალოგ შტატ ლეონიდაში გაშლილი ჰიპერრეალისტური სამყაროს მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ წინასწარი შეკვეთების დაწყებისთანავე დაფიქსირებული უპრეცედენტო მოთხოვნა ამ გიგანტური ინვესტიციის უმოკლეს დროში ამოღებას გარანტირებულად პროგნოზირებს.
























