გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში დღეს, 16:00 საათზე აქცია გაიმართება, რომელზეც ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სოფელში ერთადერთი სკოლის რეაბილიტაციის მიზნით დახურვას გააპროტესტებენ.
საქმე ისაა, რომ ველისციხის საჯარო სკოლა, სადაც დაახლოებით 500 მოსწავლე სწავლობს, სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რეაბილიტაციის მიზეზით დაიხურა.
მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად გურჯაანის N4 საჯარო სკოლის ფართი შესთავაზეს, სადაც მეორე ცვლაში უნდა ესწავლათ, საჭირო ტრანსპორტი კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გამოეყო.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ველისციხის სკოლის მოსწავლის ბაბუა, გოგი კაკაბაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მუნიციპალიტეტმა საჭირო ტრანსპორტი ვერ გამოყო, რის გამოც ბავშვებს საგაკვეთილო პროცესი ონლაინ რეჟიმში უტარდებათ, რაც, მშობლების შეფასებით, სათანადო სწავლებას ვერ უზრუნველყოფს და ტექნიკურ სირთულეებთანაა კავშირში.
"ტრანსპორტი რომც გამოყონ, 500 ბავშვის მიკროავტობუსებით ტრანსპორტირებას იმდენი რესურსი დასჭირდება, ვინ გამოყოფს ამდენ ფულს ბიუჯეტიდან?
ალტერნატივად ვთავაზობთ, რომ სოფელში არის სხვადასხვა შენობა, სადაც საგაკვეთილო პროცესის გადატანაა შესაძლებელი. ან შესაძლებელია, სკოლის გვერდით, სტადიონზე აშენდეს მოდულური საკლასო ოთახები. 1 თვეში ორი ცვლისთვის საჭირო რაოდენობის კლასებს ააშენებდნენ", - ამბობს გოგი კაკაბაძე.
"სხვა სკოლა ველისციხეს არ აქვს, სამწუხაროდ. ერთ ეზოში დგას ორი შენობა, ერთი ძალიან ბევრი წლის წინაა აშენებული და დასანგრევია. მეორე ახალაშენებულია და დანგრევის არანაირი საჭიროება არ აქვს. სკოლას იმხელა ეზო აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება, ძველი შენობა შემოიღობოს და ისე დაინგრეს", - ამბობს BM.GE-სთან ვივია გურგენიშვილი, ველისციხის სკოლის კურსდამთავრებული.
აქციის ორგანიზატორი BM.GE-სთან ასევე აღნიშნავს, რომ მშობლებს ამ დრომდე არ უნახავთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობა იქნებოდა ხაზგასმული. კაკაბაძე ფიქრობს, რომ მსგავსი დოკუმენტი საერთოდ არც არსებობს.
























