საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 17-19 ივნისს, წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. პროექტი ხორციელდება წალენჯიხის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით.
ფესტივალი ოფიციალურად 17 ივნისს, 13:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალს სიტყვით გახსნიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა და წალენჯიხის განვითარების ფონდის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 17-18 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15-მდე გამომცემლობის მონაწილეობით, წალენჯიხასა და ჯვარში გაიმართება. 17 ივნისს ფესტივალს წალენჯიხა გრანელის პარკში უმასპინძლებს, 18 ივნისს კი ღონისძიება ჯვარში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაგრძელდება.
ფესტივალი, წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ადგილობრივებს მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას შესთავაზებს. გაიმართება დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მათ შორის არიან პაატა შამუგია, ლერი ალიმონაკი, დიანა ანფიმიადი, ერეკლე დეისაძე, რატი ამაღლობელი, ეკა ტოგონიძე, ლაშა ბუღაძე, ზვიად კვარაცხელია, თემურ ელიავა, გიორგი შონია და სხვა.
19 ივნისს წალენჯიხაში გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა და ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდია.
ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება 19 ივნისს, ფახულანში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასკვნით საღამოს გაიცემა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ბესო სოლომონაშვილისა და მარი გულბიანის ფილმების ჩვენება. გაიმართება მუსიკალური ღონისძიებებიც.




























