9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს დიდი დიღმის IV მ/რ-დან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოემსახურებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადის, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.
„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავა N314-ზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
18-მეტრიანი MAN-ის ფირმის 50 ავტობუსი დედაქალაქში 2024 წლის იანვარში ჩამოვიდა და N302 მარშრუტზე სატესტო რეჟიმში მოძრაობა დაიწყო, 2 მარტიდან კი მათი განაწილება დაიწყო. მერის თქმით, ახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.