მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18-მეტრიანი ავტობუსების 260-მილიონიან ტენდერში კომპანიებს წინადადებების შესატანად ორი დღე აქვთ

6464b71d527c4
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.23 11:42
6244
თბილისს 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG ავტობუსი ექნება - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 მაისს გამოაქვეყნა.

სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება, მათ შორის უშუალოდ შესყიდვის ზღვრული ფასი  1,529,275 ლარია, რაც ჯამში 244,684,000 ლარს შეადგენს. 

ახალი ავტობუსი ევრო 6-ის სტანდარტის უნდა იყოს, ამასთან მისი გამოშვების წელი აუცილებლად 2023 უნდა იყოს. 18-მეტრიან ავტობუსს ოთხი კარი უნდა ჰქონდეს, აქედან ორი კარი წინა, ხოლო ორი უკანა (გადაბმულ) სეგმენტში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტენდერი შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება, ის 11 მაისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა (12-14 მაისს დასვენების დღეები იყო), ხოლო მასში წინადადებების შეტანა მხოლოდ ორი დღის - 18-19 მაისის პერიოდში იქნება შესაძლებელი (18 მაისის 00:00-დან 19 მაისის 12:30-მდე).

ამასთან, ტექნიკური მოთხოვნებით განსაზღვრულია 364 პარამეტრი, რასაც ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია გაბარიტები, ძრავის სიმძლავრე, გაგრილება/გათბობის სისტემა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მიმწოდებლისთვის დაწესებულ ვალდებულებებს, ის ასე ნაწილდება:

“ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე (2018.01.01 - 2023.01.01.) არანაკლებ 500 (ხუთასი) ცალი 18-მეტრიანი CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსების მიწოდების და წარმოების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლიანი წარმოების გამოცდილება 12-დან 18 მეტრამდე ურბანულ ავტობუსებში (ნებისმიერი მოდელის), რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

2.2.1.3. პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (2020.01.01 - 2023.01.01.) დამზადებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 (ორმაცდაათი) ცალი იგივე მოდელის ავტობუსი (იგივე ძრავით, იგივე საწვავის სისტემით, იგივე ღერძებით და გადაცემათა კოლოფით), რომლებიც შეკვეთილია ან მიწოდებულია არანაკლებ სამი სხვადასხვა ოპერატორისთვის. სამივე ოპერატორი უნდა ოპერირებდეს ევროკავშირში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტენდერში ანგარიშსწორება ევროში მოხდება - "ტენდერის ფარგლებში ავტობუსების შესყიდვის და მათი საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის (ტექნიკური მომსახურეობის) ხელშეკრულებები გაფორმდება ევროში, წინადადების მიღების დასრულების დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეეძლებათ მერიისგან 40 მილიონი ლარის ავანსი მოითხოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები