მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ₾60-მილიონიანი დეპოს გახსნა კიდევ ერთხელ გადავადდა

ავტობუსები

თბილისში აეროპორტის მიმდებარედ, 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ახალი ავტობაზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გადავადდა.

ავტობაზის მშენებლობაზე, რომელიც 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს უნდა მოემსახუროს, 60.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს, კომპანია "ქონსთრაქშენ სერვისთან" გაფორმდა და ის 18 თვის ვადაში, ანუ 2025 წლის 30 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტზე კონტრაქტი გახანგრძლივდა და სამუშაოთა შესრულების ბოლო ვადად 2025 წლის 30 ივნისი განისაზღვრა, რაც ჯერ 29 ნოემბრამდე გადავადდა, 2025 წლის 29 დეკემბერს კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეიცვალა და პროექტის დასრულება 2026 წლის 31 მარტამდე გადავადდა. შესაბამისად, დეპო სრულად ფუნქციონირებას ერთი წლის დაგვიანებით დაიწყებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, პროექტზე ამ დრომდე სულ 50.1 მილიონი ლარის გადახდები არის შესრულებული, რაც ღირებულების 83%-ია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას უკვე შესყიდული აქვს 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, თუმცა მათგან ხაზებზე სულ 100 ერთეულზე ნაკლები ავტობუსი მოძრაობს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდ დიღომში არსებულ ავტობაზას არ აქვს საკმარისი სივრცე და წარმადობა ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახუროს 18-მეტრიანი ავტობუსების სრულ რაოდენობას. შესაბამისად, ახალი ავტობუსების ექსპლოატაციაში შესვლისთვის ჯერ ახალი ავტობაზის დასრულებაა აუცილებელი, რაც უკვე არაერთხელ გადავადდა.

ცნობისთვის, თბილისის მერიას 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა 259 მილიონი ლარი დაუჯდა. აღნიშნული ავტობუსების გარდა, თბილისის მერიამ 18-მეტრიანი კიდევ 40 ავტობუსი შეიძინა, რომელთა ღირებულებაც 66.8 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის პროექტი თბილისს სულ 326 მილიონი ლარი უჯდება, ხოლო მათთვის ახალი ავტობაზის საფასური 60.5 მილიონია. გარდა ამისა, ამ ავტობუსების ტექნიკური სარემონტო სამუშაოებისთვის გასულ წელს 25 მილიონი ევროს 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ამჟამად კიდევ 3-წლიანი 20 მილიონი ევროს კონტრაქტიც ემატება, შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების, ავტობუსების შესყიდვის და დეპოს მშენებლობის ჩათვლით, 200-მეტრიანი ავტობუსების რეფორმის საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები