საპროტესტო აქცია საქართველოს მასშტაბით გრძელდება.
თბილისში აქცია დღეს სამ ლოკაციაზეა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია 18:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან უნდა გაიმართოს. ხოლო, 19:00 საათზე, პარლამენტსა და ივანიშვილის რეზიდენციასთან, მთაწმინდაზე.
"დღეს ვაგრძელებთ ჩვენს პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან! გელოდებით ყველას 18:00-ზე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
პროტესტია ხაშურშიც. აქციის მონაწილეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ჯერ ცესკოს შენობასთან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" რაიონულ ოფისთან მივიდნენ. ისინი მსვლელობისას სკანდირებენ "საქართველო! არა რუსულ ხელისუფლებას". პროტესტის მონაწილეებმა ქართული ოცნების შენობასთან დამაგრებული დროშა ჩამოხსნეს და სიმბოლურად, ნაგვის ურნაში ჩააგდეს.
გარდა ამისა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოზურგეთსა და საჩხერეში. აქცია იმართება თელავშიც. აქციის მონაწილეები ამ წუთებში თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
"არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაა", - ამ დევიზით ქუთაისში ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა. ავტომსვლელობის მონაწილეები ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პროტესტს შეუერთდნენ.
საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. აქციის მონაწილეები არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს აპროტესტებენ. ისინი ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 2 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გაფიცვას აპირებენ.
ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, აქცია გრძელდება გორშიც. ქალაქის ქუჩებში ამ წუთებში აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.