მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"19 სექტემბერს თბილისში 841 000 ავტომობილი მოძრაობდა. 3 წლის წინ - 586 000" - კალაძე

თბილისის მერი

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა იზრდება, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ზრდის მოთხოვნას.

"თუნდაც გასულ ოთხ წელს რომ გადავხედოთ, დედაქალაქში ავტომობილების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს, დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში მოძრაობდა 841 000 ავტომობილი, 2022 წლის 19 სექტემბერს კი აღნიშნული მაჩვენებელი 586 000-ს აღწევდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქალაქი ვითარდება და მოსახლეობა იზრდება, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას გზების რეაბილიტაციაზე, ხიდების მშენებლობაზე, ტრანსპორტის დამატებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ა.შ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მეტი ავტომობილი ქალაქში ნიშნავს მეტ საცობს და გართულებულ გადაადგილებას, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის. გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი იყოს მხოლოდ ავტომობილების ქალაქი. თბილისი თავისი ისტორიითა და უნიკალური ლანდშაფტური მდებარეობით, უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი - იქნება ეს კერძო ავტომობილის მგზავრი, თუ ფეხით მოსიარულე. ჩვენი ვალია, შევქმნათ ისეთი გარემო და ინფრასტრუქტურა, რომ მოქალაქემ თავად გააკეთოს არჩევანი - იაროს კერძო ავტომობილით თუ აირჩიოს გადაადგილების სხვა, ალტერნატიული საშუალება, მათ შორის, ეკომეგობრული ტრანსპორტი", - აღნიშნა თბილისის მერმა.

როგორც დედაქალაქის მოქმედმა მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, "ქართული ოცნება" ჯერ ისევ რეფორმების ეტაპზეა. კალაძის საარჩევნო დაპირებებში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვა, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შედის.

"ჩვენ ჯერ კიდევ ვართ რეფორმების ეტაპზე, რომელმაც ევროპის განვითარებულ ქალაქებში გასული ათწლეულების მანძილზე შესაბამისი შედეგი უკვე გამოიღო. ამიტომ, არ ვცდილობთ, რაღაც ახალი მოვიგონოთ. პირიქით, არ გვინდა, ექსპერიმენტების ჩატარება. გვინდა, გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები, რომლებმაც წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში უკვე იმუშავა.

გპირდებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო მწვანე, ჰყავდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიქმნას მეტი საფეხმავლო თუ ველობილიკი, წახალისდეს ეკომეგობრული ტრანსპორტი და გაუმჯობესდეს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა "ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები