შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტროთვითგორიალას [სქროლის] მონაწილეობით მომხდარი საგზაო შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება გასული წლიდან დაიწყო. შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ელექტროთვითგორიალას მონაწილეობით 28 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად, 33 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა. სტატისტიკაში არ არის მითითებული, დაშავებულები და გარდაცვლილები თავად სკუტერის მომხმარებლები იყვნენ თუ ქვეითები.
2025 წელს სქროლების მონაწილეობით 106 შემთხვევა აღირიცხა. მათ შედეგად 109 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
ამასთან, შესაძლოა, რეალური შემთხვევების რაოდენობა სტატისტიკაზე მეტი იყოს, რადგან ყველა ინციდენტის შესახებ შსს-ს არ ატყობინებენ. განსაკუთრებით ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც მხოლოდ თავად სქროლის მომხმარებელი ზიანდება და არა სხვა პირები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე (ე.წ. სქროლზე) დგომის რეგულირებას გეგმავს - ამის შესახებ 2026 წლის პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში.
ახალი ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოკლე განმარტების თანახმად, ცვლილება ძირითადად არასრულწლოვნებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა.
"ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.




























