28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ 31 000-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა, მათგან 6 018-ს საქმიანობა შეუჩერდა, ხოლო 27 - დაჯარიმდა. ინფორმაცია საზოგადოებას უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, 20 797 ობიექტზე ზეპირსიტყვიერი და სიტყვიერი გაფრთხილება გაიცა.
„2020 წლის 12-13 დეკემბერს, სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტზე განხორციელდა ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ხოლო 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა დეტალური შესწავლა თუ რამდენად ახორციელებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ პროტოკოლებს და დადგინდა, რომ ყველა მოთხოვნა შესაბამისობაშია.
რემონიტორინგს რაც შეეხება, გადამოწმდა 42 ობიექტი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 32 ობიექტი ითვალისწინებდა მოთხოვნებს, 7 არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო 3 ობიექტი დაჯარიმდა. ჯამში, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ინსპექტირება განხორციელდა 31 ათასზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან 20 797 ობიექტზე გაიცა ზეპირსიტყვიერი და სიტყვიერი გაფრთხილება, 6 018 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა, რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 467 ობიექტი და კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაჯარიმდა 27 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.




























