მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2 ნაბიჯს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

2 ნაბიჯი
17.02.25 15:14
8443

საქართველოში სუპერმარკეტების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს - "ორ ნაბიჯს" ახალი დირექტორი ჰყავს. 2024 წლის ნოემბრიდან ამ თანამდებობას არჩილ მელიქაძე იკავებს. ბიზნესრეესტრის თანახმად, შოთა გიორგაძე, რომელიც ცვლილებამდე კომპანიის ერთადერთი დირექტორი იყო, "ორი ნაბიჯის" დირექტორის თანამდებობაზე რჩება, თუმცა გენერალური დირექტორის პოსტი არჩილ მელიქაძემ დაიკავა.

არჩილ მელიქაძე "ფორსაით ინვესთმენტ გრუპის" რისკების და ფინანსური მართვის მთავარი ოფიცრის პოსტს იკავებდა. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საბანკო, ტელეკომის, საცალო და ბიზნესსერვისებში, მათ შორის იკავებდა "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" დირექტორის მოადგილის პოსტს.

"თავისი კარიერის განმავლობაში არჩილმა წარმატებით განახორციელა მრავალი პრივატიზაციის, კორპორაციული რესტრუქტურიზაციისა და ბიზნესპორტფელის განვითარების პროექტი.

არჩილი ფლობს მაგისტრის ხარისხს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან (აშშ) ფინანსებსა და ეკონომიკაში და ასევე არის ფიზიკის დოქტორი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან", - ნათქვამია "ფორსაიტ ინვესთმენთ გრუპის" ვებგვერდზე.

"ორი ნაბიჯი" საქართველოს FMCG ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ქსელი ქვეყნის მასშტაბით 470 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი, ხოლო მისი წლიური გაყიდვები 27%-ით, 1.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის მოგებამ 2023 წელს 57 მილიონი ლარი შეადგინა.

სუპერმარკეტების ქსელის აქციონერები არიან - გოჩა ცქიტიშვილი; გიორგი ჩხეიძე და კახი ბექაური, რომლებიც "ორი ნაბიჯის" 33%-იან წილებს ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები