მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი მარკეტებით გაჯერდა… რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა"|რიტეილ ექსპერტის პროგნოზი

2 ნაბიჯი

რიტეილ ექსპერტ მირანდა მანჯგალაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში, თბილისში ბრენდული მაღაზიების რიცხვის მხოლოდ 41-ით გაზრდა იმაზე მიუთითებს, რომ დედაქალაქის ბაზარი მარკეტებით გაჯერდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც “გალტ ენდ თაგარტის” მიერ გამოქვეყნებული FMCG სექტორის კვლევაში მოცემული მონაცემები გააანალიზა.

საინვესტიციო ბანკის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში FMCG ბაზარი 11%-ით გაიზარდა და 13.1 მილიარდ ლარს მიაღწია. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ბრენდული ქსელებია, რომლებიც ბაზრის 41%-ს ინაწილებენ. ვინ არიან FMCG ბაზრის ლიდერები საქართველოში? - ბრენდულ ქსელებს შორის, ლიდერობას „დეილი ჯგუფი“ ინარჩუნებს (27%), მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ (20%), მესამეზე კი - „ნიკორა“ (16%), თუმცა თბილისში ლიდერის პოზიცია “ნიკორამ” დათმო და „ორმა ნაბიჯმა“ დაიკავა - ბაზრის 20.5%-იანი წილით.

მირანდა მანჯგალაძის თქმით, თბილისის ბაზრის გაჯერების ფონზე, რიტეილერებისთვის ახალი ექსპანსიისა და ზრდის მთავარ ასპარეზად სწორედ რეგიონები გადაიქცევა. მისივე პროგნოზით, რეგიონებში ახალი მაღაზიების გახსნის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, სადაც ლიდერის პოზიციას ის კომპანია დაიკავებს, რომელიც პირველი მოასწრებს ქსელის გაფართოებას.

- “გალტ ენდ თაგარტის” კვლევის თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში, დედაქალაქში მხოლოდ 41 ბრენდული მარკეტი გაიხსნა. ახალი მაღაზიების გახსნის ბუმი დასრულდა?

- ეს ინფორმაცია კვლევის ძალიან კარგი, სადიაგნოსტიკო ნიუანსია, რომელიც ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს აჩვენებს. აღნიშნული მაჩვენებელი ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის ბაზარი გაჯერებულია და ახლა მთავარი აქცენტი არა სწრაფ ექსპანსიაზე, არამედ ეფექტიანობაზე გადადის. მნიშვნელოვანია LFL (Like-for-like sales) მაჩვენებელი, როდესაც მაღაზია მიმდინარე გაყიდვებს წარსულ, ისტორიულ მონაცემებს ადარებს. ეფექტიანობაზე გადასვლა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კომპანიები შემოსავლების დაბალანსებას ახალი ობიექტების გახსნით კი არ ცდილობენ, არამედ არსებული მაღაზიების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე მუშაობენ. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისის გაჯერებას რიცხვებიც მოწმობს და ამას მომხმარებელიც ამჩნევს, რადგან ახალი ობიექტები თითქმის აღარ იხსნება. შესაბამისად, ახალი ასპარეზი რეგიონებში იწყება. აქ საინტერესო სურათი გვაქვს: თბილისის ბაზარზე ლიდერი „ორი ნაბიჯი“ გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ორმა ნაბიჯმა” პოზიციები 2 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა რეგიონებშიც. ესეც იმის ინდიკატორია, რომ რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა - ვინც პირველი მოასწრებს მეტი მაღაზიის გახსნას, ლიდერის პოზიციასაც ის დაიკავებს.

- თქვენი დაკვირვებით, თბილისში, რა ფაქტორებმა განაპირობა “2 ნაბიჯის” ქსელის დაწინაურება?

- არსებითად მნიშვნელოვანია „2 ნაბიჯის“ კონცეფცია, რომელიც დისქაუნთერის (Discount-store) ფორმატს ეფუძნება და როდესაც ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, პროდუქციაზე ფასების მატების გამო მომხმარებლის ქცევა იცვლება - ის იაფიან ალტერნატივას ეძებს. “დისქაუნთერი” კი სწორედ ის ქსელია, რომელიც პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. შესაბამისად, მისი შემოსავალიც ყველაზე მეტად იზრდება. თუ ამ დამოუკიდებელ ასპექტებს შევაერთებთ, სრულ სურათს მივიღებთ: 7%-იანი ინფლაცია და გაზრდილი ფასები მძიმე წნეხია მომხმარებლისთვის; მომხმარებელი ეძებს გამოსავალს, გამოსავალი კი დისქაუნტერებშია - მაღაზიებში, რომლებიც შედარებით მცირე ასორტიმენტს, თუმცა დაბალ ფასებსა და სიღრმისეულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. ეს ყველაფერი ერთად იკვრება და ძალიან კარგად ასახავს როგორც მომხმარებლის ქცევას, ისე ბაზრის საერთო ტენდენციას.

- რაში მდგომარეობს „ორი ნაბიჯის“ წარმატების საიდუმლო - როგორ ახერხებს კომპანია, იყოს იაფიანი ქსელი და, იმავდროულად, მოგების მაღალი მარჟაც შეინარჩუნოს?

- ეს “დისქაუნთერის” ფორმატის მთავარი იდეა და პრინციპია - ლიმიტირებული ასორტიმენტი. ქსელი არ თანამშრომლობს ყველა მომწოდებელთან, აქვს მასშტაბის ეფექტი მაღაზიების სიმრავლის გამო, რადგან ობიექტების რაოდენობით ლიდერია; მომწოდებლებთან ექსკლუზიურ შეთანხმებებს აღწევს, რაც მისთვის პროდუქციის კიდევ უფრო დაბალ ფასს უზრუნველყოფს. დიდი ქსელი მომწოდებლისთვის მიმზიდველია. ექსკლუზიური თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ კატეგორიაში სხვა წამყვანი ბრენდი ქსელში ვერ შედის. შესაბამისად, მომწოდებლისთვის ხელსაყრელია ისეთი კომერციული გარიგების (მათ შორის უკანა მარჟის) დადება, რაც სამივე მხარისთვის - მომწოდებლისთვის, „ორი ნაბიჯისთვის“ და თავად მომხმარებლისთვისაც მომგებიანი იქნება. ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის, იგივე ტენდენციაა მსოფლიო ბაზარზეც (მაგალითად, Aldi გერმანიაში). “დისქაუნთერის” ფორმატი გლობალურად წარმატებულია, რადგან მომხმარებლის ქცევა ყველგან იცვლება და ის იაფ, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. სწორედ ამიტომ, მსხვილი ჰოლდინგები პორტფელს დივერსიფიკაციას უკეთებენ: აქვთ როგორც პრემიუმ-ბრენდები, ისე დისქაუნთერ-ქსელები, სადაც მომხმარებელს ბიუჯეტურ პროდუქციას სთავაზობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები