„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან კომუნალური ტარიფების ცვლილება სექტორზე აისახა, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამას რამე გავლენა ჰქონდეს ფასზე. ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც კომუნალური ტარიფების ცვლილებას შეეხებოდა.
"კომუნალური გადასახადების ცვლილებას, ჩვენს სექტორზე არსებითი გავლენა არ ჰქონია. ცხადია, გარკვეული გავლენა იყო, მაგრამ არაფერი ისეთი, რასაც ექნება გავლენა ფასებზე. წყლის ტარიფი მხოლოდ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში გაიზარდა. მხოლოდ ერთი, ან ორი დიდი ფაბრიკა არის ამ რეგიონებში და ისიც, საკუთარი ჭაბურღილითაა უზრუნველყოფილი. ასე რომ ამ ნაწილს გავლენა საერთოდ არ ჰქონია.
რაც შეეხება დენს, კარგია რომ ტარიფი შემცირდა, მაგრამ სულ 2 წლის წინ დენი ბინზესს 100%-ით გაგვიძვირდა. იყო 16 თეთრი და ავიდა 32 თეთრამდე. ანუ, 100%-ით გაძვირებული ახლა 3 თეთრით შემცირდა. ისედაც გასაგებია, რომ სერიოზული გავლენის მქონე ეს ვერ იქნება", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა bm.ge-სთან და დასძინა, რომ ახლა, სექტორში სტაბილური სიტუაციაა და ფასის მდგენელი ყველა ფაქტორი ბოლო პერიოდში უცვლელია.
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დენის ტარიფი, როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომერციულ აბონენტებისთვის 3 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება წყლის ტარიფს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ასევე 1 იანვრიდან წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინდა - თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ-ით განისაზღვრა, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.