„დავინახეთ მთავრობის სერიოზული მონდომება, რომ [მეფრინველეობის] დარგს მიეხმაროს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - იანვარში 5.5%-ით გაძვირებული კვერცხის თებერვალში 5%-ით გაიაფება ხომ არ ნიშნავს ბიზნესის მხრიდან „პოლიტიკურ ხარკის“ გადახდას მთავრობისთვის, რომელმაც ფასების შემცირებისთვის სხვადასხვა აქტივობა დაიწყო.
საქმე ის არის, რომ "კუმისი" ერთ-ერთია იმ ოთხ კომპანიას შორის, რომელთაც გასულ კვირას, მომხმარებელს ერთობლივი განცხადებით ამცნეს, რომ იანვარში გაძვირებული კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია კვერცხის შესაძლო გაძვირებაზე ნოემბრის შუა რიცხვებიდან საუბრობდა ანუ იქამდე ვიდრე ირაკლი კობახიძის მთავრობა მაღალ ფასებთან ბრძოლის კამპანიას დაიწყებდა - ეს BMG-ის ციფრული არქივითაც დასტურდება. კერძოდ, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობდა, რომ მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, რაც მწარმოებლების დანახარჯებს ზრდიდა, მათ შორისაა გაზრდილი ხელფასები, დისტრიბუციის მანქანების ჯარიმები და ა.შ. შესაბამისად, მცდარია ეჭვები იმის თაობაზე, რომ კვერცხის მწარმოებლებმა დრო იხელთეს, პროდუქცია გააძვირეს და ერთ თვეში თითქმის იგივე ნიშნულზე დააბრუნეს.
კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელი და მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ფასის დაკლების გადაწყვეტილება არა - "პოლიტიკური ხარკი", არამედ მთავრობის მხრიდან პრობლემების გააზრების იმედით გადადგმული „შემხვედრი ნაბიჯია“, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მწარმოებლებს არც დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლებას ან შემცირებას არ დაჰპირებია, რასაც კვერცხის და ქათმის ხორცის მწარმოებლების წლებია ითხოვენ.
„17 წელიწადია, ვსვამთ ერთ მარტივ კითხვას - თუ კვერცხი მწყერის, კვერცხი იხვის, კვერცხი ინდაურის არ იბეგრება, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?! ხან ხუმრობით ვთქვით, ხან სერიოზულად, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ისევე, როგორც ქათმის ხორცზე. ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ თუ მთლიანად არ გაათავისუფლებდნენ დღგ-ის გადახდისგან, ხომ არ მიგვეახლოვებინა ევროპის და სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან, სადაც სურსათზე არა სტანდარტული დღგ არის დაწესებული [დღგ-ის გადასახადი დიფერენცირებული მოდელი] - ეს ხშირად დასმული კითხვა „წერტილშიც“ დასვა ეს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
როდემდე შეიძლება შენარჩუნდეს კვერცხი ფასი? - ვკითხეთ “მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის” თავმჯდომარეს, რაზედაც ზურაბ უჩუმბეგაშვილმა გვიპასუხა, რომ „ფასების კომისიის“ მუშაობის შედეგებს დაელოდებიან, რაც აპრილის ბოლომდეა ნავარაუდევი, თუმცა თუ ხარჯების ზრდა გაგრძელდა და დაპირებული ცვლილებები არ განხორციელდა, ბიზნესს ორი გზა დარჩება: წარმოების გაჩერება ან ფასის ისევ გაზრდა.
ინტერვიუ ზურაბ უჩუმბეგაშვილთან
- ან რატომ გააძვირეთ კვერცხი 5.5%-ით იანვარში, ან რატომ გადაწყვიტეთ ერთ თვეში ისევ 5%-ით გაიაფება?
- ეს გავაკეთეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დავინახეთ მთავრობის სერიოზული მონდომება, დაეხმაროს დარგს. შესაბამისად, ჩვენი შემხვედრი ნაბიჯი იყო, რომ დავბრუნებულიყავით იგივე ნიშნულზე და შეგვემცირებინა ჩვენი მოგება. თორემ არც ხორბალი გაიაფებულა და [არც სხვა ფაქტორი შეცვლილა, რაც ფასს შეამცირებდა]. ჩვენ უბრალოდ დაველოდებით საკითხის გადაწყვეტას, მანამდე აბსოლუტურად არანაირი ნაბიჯი არ გვაქვს გათვალისწინებული; თუ შეხმატკბილებულად ითანამშრომლებს ბიზნესი და მთავრობა, საკითხი მარტივად გადასაწყვეტია [იგულისხმება მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობის დარეგულირება]
- ფაქტია, სახელმწიფოს ჯერ არაფერი გაუკეთებია კვერცხის მწარმოებლების ხარჯების შესამცირებლად, თქვენ კი, ერთი თვის წინ გაძვირებული კვერცხის ფასი ძველ ნიშნულზე დააბრუნეთ... ცოტათი ხომ არ შეგეშინდათ მთავრობის მიერ სურსათის ფასწარმოქმნაზე დაწყებული გამოძიების?
- მაშინ გეშინია, როცა რაღაცას აშავებ ან არღვევ. ამ შემთხვევაში შიშს აზრი არ აქვს, რადგან ყველა საბუთი, რაც მათ აინტერესებთ - ჩვენი მარჟები თუ საქმიანობა, ისედაც ხელის გულზეა. ყველაფერი ელექტრონულია. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ სუს-მა სატვირთო მანქანით წაიღო ჩვენი დოკუმენტაცია, სინამდვილეში ეს ინფორმაცია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, ორ წუთში გადაეცათ; ეს მონაცემები სახელმწიფოსთვის ისედაც ხელმისაწვდომი იყო. რის უნდა შემეშინდეს?! ის, რომ ჩემი კომერციული საქმიანობით შემოსავალი მრჩება?! მთელი მსოფლიოს ბიზნესი ამაზეა ორიენტირებული. პირიქით, იმასაც კი ვფიქრობ, რომ კარგია სუს-მა თუ შეამოწმა - სხვას ვერავის დააბრალებენ არაკომპეტენტურობას. აგერ არის სუს-ი, აგერ არის შემოსავლების სამსახური და ნახონ რეალობა.
- მომხმარებელს გაუჩნდათ კითხვები - მაინც და მაინც თებერვალში რატომ შეამცირეთ ფასი, როცა წინა თვეში გააძვირეთ კვერცხი?
- ჩვენ ფასი ძველ ნიშნულს დავუბრუნეთ.
- დიახ, მაგრამ ეს ოთხმა მსხვილმა კომპანიამ ერთდროულად გააკეთეთ. სოციალურ ქსელში მეც ვიხუმრე - „კარტელური გაიაფება“ დაიწყო-მეთქი... ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა ერთიანად რატომ გადაწყვიტეთ ფასის 5%-ით შემცირება?
- ბაზარზე 50-მდე მწარმოებელია; ბევრ მათგანს სახეზეც კი არ ვიცნობ. ხომ არასერიოზულია იმაზე საუბარი, თითქოს ვინმეს დავურეკე და შევუთანხმდი, რომ ხვალიდან ფასები შეგვემცირებინა?! ფასი მხოლოდ იმ საწარმოებმა დააკლეს და შესაბამისი განცხადებაც მხოლოდ მათ გააკეთეს, ვინც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა. იქვე, ამ შეხვედრის მსვლელობისას, ერთმანეთთან კომუნიკაციის შედეგად ჩამოუყალიბდათ ის პოზიცია, რომელზეც უკვე მოგახსენეთ. განცხადება მხოლოდ იმ ოთხმა საწარმომ [„კუმისი“, „კოდა“, „დილა“, „სავანეთი“] გააკეთა, რომელიც პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდა.
- კვერცხის სხვა მწარმოებლებიც ხომ არ აპირებენ ფასის შემცირებას?
- ახლა [ისედაც] ვეღარ გააძვირებენ, რადგან ჩვენ უკვე დავაკელით. ბაზარი თავად დაარეგულირებს [ფასს], თანაც ზაფხულობით კვერცხის ფასი ისედაც ყოველთვის მცირდება.
- [„კუმისი“, „კოდა“, „დილა“, „სავანეთი“] ბაზრის დიდი მოთამაშეები ხართ და შეიძლება „ფინანსური ბალიშიც“ უფრო დიდი გაქვთ, ვიდრე - სხვებს... ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებით სხვა კომპანიების ფასი „უკარნახეთ“?
- სხვა მწარმოებლებისთვის რომ შეგვეთავაზებინა ფასის დაკლება, მაშინვე ატყდებოდა ამბავი - პრემიერმა შეაშინა ან ვიღაცამ შეაშინა ბიზნესი და კარტელური გარიგება მოხდაო... ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ იმედს ეფუძნება, რომ მთავრობა დაგვეხმარება. მაგალითად, საუბარია „ქეშბექის" მარჟის ზედა ზღვრის დაწესებაზე, რათა ქსელურმა მარკეტებმა 40-45% აღარ წაიღონ... ეს ჩვენთვის სტიმულია. ასევე, თუ 18%-იან დღგ-ს 10%-ს მოაკლებენ და ქსელების მარჟაც დარეგულირდება, პროდუქტის წარმოება 20%-ით გაგვიიაფდება და თუ 20%-ით გაგვიიაფდება, [ეს გასაყიდ ფასზეც აისახება]. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მენდეთ - გვირჩევნია, პროდუქტი იაფი იყოს და ბევრი გაიყიდოს, რადგან მაღალი ფასი მსყიდველუნარიანობასა და რეალიზაციას პირდაპირ ურტყამს - ეს არის ბიზნესის ლოგიკა.
- მოკლედ, „შემხვედრი ნაბიჯის“ სახელით 5%-ით შეამცირეთ იანვარში გაძვირებული კვერცხი მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილმა ხარჯებმა გიბიძგათ ფასის ზრდისკენ. „კუმისის“ მაგალითზე მოგვიყევით - რამდენ ხანს შეძლებთ ამ ფასის შენარჩუნებას?
- მეფრინველეობა ძალიან რისკიანი ბიზნესია, საქმე გაქვს ცოცხალ არსებასთან. ერთი ვირუსი და შეიძლება რამდენიმე ათეული ათასი ფრინველი ერთ დღეში დაიხოცოს. ევროპაში ამ რისკებს დაზღვევა ფარავს, ჩვენთან კი ფრინველს მხოლოდ მიწისძვრაზე, ხანძარსა და წყალდიდობაზე აზღვევენ. ვეტერინარულ დაავადებებზე დაზღვევა არ არსებობს... ეს ქათამი კიდე არ თამაშობს ასანთით, რომ ხანძარი გააჩინოს და ფაქტობრივად დაუზღვეველი ვართ. შესაბამისად, ნახევარი მილიონი ფრინველის პატრონი ყოველდღე რისკის ქვეშ ვარ... ევროპელი კოლეგების რეკომენდაციით, ასეთ პირობებში ბიზნესმა 28%-იან მარჟაზე უნდა იმუშაოს, საიდანაც გადასახადების შემდეგ სუფთა მოგება 13-17% დარჩება. სანამ ეს რესურსი გვეყოფა, ვიმუშავებთ. თუ გადაწყვეტილებების მიღება გაიწელა [იგულისხმება ფასების ფორმირების შესწავლა, რომელიც აპრილის ბოლომდე დასრულდება] და პარალელურად, მარცვლეული გაძვირდა, ორი გზა დარჩება - ან უნდა გავჩერდეთ ან ფასი ისევ მოვუმატოთ.
- როდემდე დაელოდებით მთავრობისგან კონკრეტული დაპირების მიღებას - გასაგებია, რომ წლევანდელ ბიუჯეტში კვერცხისა და ფრინველის ხორცის დღგ-დან შემოსავლები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, მაგრამ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მომავალი წლიდან მაინც მიიღებთ შეღავათს და ეს გადასახადი, პირობითად, 10%-მდე შემცირდება?
- 17 წელი მოვითმინეთ და ცოტას კიდევ მოვითმენთ... მინდა, მთავრობა, ხალხი და მეწარმეები რაღაცნაირად ერთმანეთს უფრო მეტ პატივს სცემდნენ და მეტად უგებდნენ
- პატივისცემა რადგან ახსენეთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ტონი, რომლითაც მთავრობა ბოლო დროს ბიზნესს ელაპარაკება - ხშირად ისმის ქვეტექსტი, რომ ბიზნესი ხარბია, მაღალ ფასნამატზე მუშაობს და ა.შ.
- ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, როცა ასე საუბრობენ, ვინც არ უნდა იყოს... ბავშვობაში ამერიკულ ფილმებში მინახავს, როგორ ამაყად ამბობდნენ: „მე გადასახადის გადამხდელი ვარ!“ ჩვენთან კი სულ თავის მართლების რეჟიმში ვართ. გვეკითხებიან: რატომ გყავს კარგი მანქანა? რატომ გაქვს წარმოება? ვინმეს ვინმემ დაუშალა პატიოსანი შრომით ფულის შოვნა?! თუ ვინმემ ბიუჯეტის ფული მოიპარა, იმას მოჰკითხონ იმ ორგანოებმა, ვინც ახლა კვერცხის ფასს გვიმოწმებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ მოსახლეობა, მთავრობა და ბიზნესი ერთად არ დადგა, რა განკარგულებაც არ უნდა მივიღოთ და რაც არ უნდა გავაკეთოთ, არაფერი გვეშველება.
- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?
- ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას უნდა დავუსვათ წერტილი.


























