მომავალი წლის დასაწყისში კვერცხზე ფასების კორექცია არ არის გამორიცხული, - ამის შესახებ კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ახალ წლამდე კვერცხის ფასის ცვლილებას არ გეგმავს, თუმცა წარმოებისა და დისტრიბუციის ხარჯების ზრდა მომავალში ფასების გადახედვას აუცილებელს ხდის.
„ახალი წლის წინა პერიოდში ფასის შეცვლას არ ვაპირებთ, რომ არ შეგვედაონ, თითქოს ამ პერიოდს მოგების მიზნით ვიყენებთ. თუმცა, ძალიან გაგვირთულდა მუშახელის მოძიება, იძულებულები ვართ გავზარდოთ ანაზღაურება. ქალაქში გადაადგილებაც და დისტრიბუციაც ძნელია - საცობები ყოველდღიური პრობლემაა. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლის დასაწყისში გარკვეული ფასის კორექტირება მოხდეს“, - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რა პროცენტული მაჩვენებლით უნდა ველოდოთ კვერცხის ფასის ზრდას.
მისივე თქმით, ფასების შენარჩუნების მთავარი ფაქტორები, ამ ეტაპზე ლარის მყარი კურსი და სიმინდის კარგი მოსავალია.
„ჯერ არ დასრულებულა სიმინდის მოსავლის აღება, მაგრამ ლარის კურსი ჯერჯერობით სტაბილურია - ეს ორი ფაქტორი ბევრს წყვეტს. თუ მოსავალი ნორმალური იქნება და ლარი მყარად შენარჩუნდება, შეიძლება არც გავზარდოთ ფასი”, - განმარტა ბიზნესმენმა და მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, კადრების დეფიციტი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისი ინფორმაციით, მის ბიზნესში დაახლოებით 4-5 ათასი ადამიანი არის დასაქმებული, თუმცა კვალიფიციური მუშახელის მოძიება სულ უფრო რთულდება.
„ხშირად გვაკლდება ტექნოლოგები, მექანიკოსები, მძღოლები - დისტრიბუტორების საშინელი დეფიციტია. ერთი გამოცდილი კადრის დაკარგვაც კი პრობლემად გვექცევა, ამიტომ მეტი ანაზღაურების გადახდა გვიწევს”, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.




























