მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის, ტესტირებისა და მედიის მასპინძლობისთვის - "კუმისის" დირექტორი

კვერცხი

მეფრინველეობის საწარმო „კუმისის“ დირექტორი გოგი მაისურაძე ბიზნესმენ რეზო ვაშაკიძის მიერ BMG-ის ეთერში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მეკვერცხული მიმართულებით ფრინველის გრიპის საფრთხე, ან წარმოების ვარდნა სინამდვილეს არ შეესაბამება.

გოგი მაისურაძის განმარტებით, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ფრინველის გრიპი გლობალური გამოწვევა იყო, რამაც გარკვეულწილად, საქართველოს მეფრინველეობაზეც მოახდინა გავლენა. თუმცა, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ოპერატიული თანამშრომლობითა და ევროპული ვაქცინების შემოტანით, პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარდა, მთლიანი გუნდი აიცრა და საფრთხე უმტკივნეულოდ გადაილახა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კუთხით არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. ქათამი იმუნურია და ამის დადასტურება ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევითა თუ სისხლის ანალიზით შეგვიძლია. „კუმისი“ წარმოების 12%-იან ზრდას აფიქსირებს, ზრდის ტენდენცია აქვთ სხვა დიდ ფაბრიკებსაც და გაფართოებას 2027 წლისთვისაც ვგეგმავთ. თუ ფრინველი იხოცება, წარმოებას როგორღა ვავითარებთ?

ასეთი განცხადებები მომხმარებელში უსაფუძვლო შიშს თესავს - ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ქართული კვერცხი ვირუსიანია, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს ადგილობრივ, სამამულო წარმოებას. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი შემოწმებისთვის, ტესტირებისა და მედიის მასპინძლობისთვის“ - აცხადებს გოგი მაისურაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, კვერცხის იმპორტის მატების მიზეზი ადგილობრივი წარმოების ვარდნას არ უკავშირდება. გოგი მაისურაძის განმარტებით, ქართულ ბაზარზე იმპორტირებული კვერცხის უდიდესი წილი (დაახლოებით 90-95%) თურქეთზე მოდის. გასულ წელს, როდესაც ფრინველის გრიპის გამო აშშ-ში კვერცხის სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, თურქულმა მხარემ თავისი საექსპორტო პროდუქციის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკის ბაზარზე გადაამისამართა. წელს, კი თუქული კვერცხის იმპორტის ზრდა საქართველოში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

„იმ 7-8 თვის განმავლობაში თურქული კვერცხი საქართველოში აღარ შემოდიოდა. მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ევროპაში ვითარება დასტაბილურდა, თურქეთმა ექსპორტი ისევ ტრადიციულ, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მიმართა. სტატისტიკური დისბალანსიც სწორედ ამ გლობალურმა ჯაჭვმა გამოიწვია და არა ადგილობრივი ფაბრიკების პრობლემებმა. ამის დაკავშირება რაღაც ‘აბსურდულ ფორმულებთან’ ალოგიკურია“, - აცხადებს „კუმისის“ დირექტორი.

წელს 8 თვეში, საქართველოში 1.5 მლნ დოლარის 20 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. შარშან ამავე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 1 მილიონი ცალი იყო, ხოლო 2024 წელს, ეს რიცხვი 11 მლნ ცალი.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან აცხადებდა, რომ გასულ წელთან შედარებით, კვერცხის იმპორტის მკვეთრი ზრდა ქათმის გრიპის ცირკულაციით იყო გამოწვეული, რამაც ადგილობრივ ფერმებში კვერცხის წარმოება შეამცირა. მისივე თქმით, ბაზარზე გავრცელებული ქათმის გრიპის გამო, „ჩირინამ“ ქათმის ხორცის წარმოება 4 თვით სრულად შეაჩერა. იძულებითი პაუზისა და ვირუსით ფრინველის დახოცვის გამო, საწარმოს ზარალმა დაახლოებით 12 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები