კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ მეფრინველეობის სექტორში ქათმის გრიპის (H9N2) ვირუსი გავრცელდა, რის გამოც ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას წარმოების, 4 თვით, სრულად გაჩერება და გენერალური სანიტარიული დეზინფექციის ჩატარება დასჭირდა.
როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, იძულებითი ოთხთვიანი პაუზის განმავლობაში, საწარმომ, დაახლოებით, 12 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
მისივე თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებული ზომების მიუხედავად, პროცესის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც „ბიუ-ბიუს“ მაღაზიათა ქსელის დროებითი დახურვა გამოიწვია.
ამჟამად „ჩირინამ“ ახალი ბროილერის წარმოება უკვე დაიწყო. რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, ფრინველის დაკვლა 28 ოქტომბრიდან იგეგმება, ხოლო პროდუქცია ბაზარზე და „ბიუ-ბიუს“ საფირმო მაღაზიებში სრულად ნოემბრის დასაწყისიდან გამოჩნდება.
ინტერვიუ რევაზ ვაშაკიძესთან
- ჩვენი ინფორმაციით, მეფრინველეობის დარგში ქათმის გრიპია გავრცელებული. გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმაც მოგვწერეს - ჰკითხეთ რევაზ ვაშაკიძეს, რატომ არის „ბიუ-ბიუს“ მაღაზიები დაკეტილი და რატომ ვერ ვყიდულობთ მათ პროდუქციასო“. ადასტურებთ თუ არა ქათმის გრიპის გავრცელებას და რა მასშტაბისაა პრობლემა?
- ქათმის გრიპი - კონკრეტულად, H9N2 შტამი - ნამდვილად არის გავრცელებული. დაავადება ჯერ კიდევ გაზაფხულზე აღმოვაჩინეთ და მის პრევენციასა თუ აღმოფხვრას ბევრი სხვადასხვა ზომით შევეცადეთ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, იძულებულნი გავხდით, წარმოება მთლიანად გაგვეჩერებინა და სრული სანიტარიული დეზინფექცია ჩაგვეტარებინა.
- დღეს „ჩირინას“ წარმოება სრულად გაჩერებულია?
- ამ ეტაპზე წარმოება შეჩერებულია, თუმცა ფაქტობრივად, უკვე დავიწყეთ ახალი ბროილერის გამოზრდა. დაახლოებით, 28 ოქტომბრიდან ფრინველის დაკვლას დავიწყებთ და პროდუქცია ბაზარზე სრულად გამოვა.
- რამდენი თვე იყავით გაჩერებული და რა ფინანსური ზარალი კომპანიას?
- ფაქტობრივად, ოთხი თვე ვიყავით გაჩერებული. ზარალი საკმაოდ დიდია - ბევრი მილიონი ლარი. 12 მილიონი ლარის ღირებულების ბროილერი [დაგვიხოცა გრიპმა].
- რა გახდა ქათმის გრიპის ასეთი მასშტაბით გავრცელების მიზეზი?
- ძირითადი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ქათმის, წიწილისა თუ ხორცპროდუქტების შემოყვანა-შემოტანა პრაქტიკულად შეუზღუდავია. გარდა ამისა, ჩვენ ტრანზიტული ქვეყანა ვართ.
- ეჭვობთ, რომ ვირუსი იმპორტს შემოჰყვა?
- ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის როგორც ცოცხალი ფრინველი (მაგალითად, კვერცხმდებელი ქათამი), ისე ხორცი. შედარებისთვის: როდესაც ჩინეთთან ექსპორტზე ვმართავთ მოლაპარაკებას, ისინი ითხოვენ ოფიციალურ საბუთს, რომ მისაწოდებელ ხორცში ვირუსი არ არის. თუ ვირუსი დაფიქსირდა - პროდუქციას აღარ იღებენ. ჩვენთან კი, ეს ვირუსი ჯერ კვერცხმდებელ ფრინველზე გავრცელდა, შემდეგ ბროილერზე გადავიდა და საბოლოოდ, წარმოება სრულად გაგვიჩერა.
- საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს, რომ წელს, 8 თვეში, 20 მილიონი ცალი კვერცხი იყიდა საქართველომ, როცა შარშან იმპორტი მხოლოდ 1 მილიონი ერთეული კვერცხი იყო. შესაძლოა, იმპორტის მკვეთრი ზრდა სწორედ ქათმის გრიპის გავრცელებას უკავშირდება?
- ჩვენ სასაქონლო კვერცხს არ ვაწარმოებთ, თუმცა საქმე ისაა, რომ გაზაფხულზე კვერცხის იმპორტის ზრდა ქათმის გრიპის ვირუსმა გამოიწვია. ფრინველში გავრცელებული ვირუსი კვერცხმდებლობას მკვეთრად ამცირებს და მის აღდგენას 2-3 თვე სჭირდება. ეს ვირუსი დღესაც მუდმივად ცირკულირებს საქართველოში, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარდინალური ზომები უნდა მიიღოს პროცესის შესაჩერებლად.
- ამ ოთხი თვის განმავლობაში რამდენად აქტიური იყო სურსათის ეროვნული სააგენტო? გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა BMG ინტერესდებოდა ვირუსის შესაძლო გავრცელების თემით, სეს-იც და მეფრინველეობის ფერმებიც არ ადასტურებდნენ…
- პრობლემა ის არის, რომ რეალური ინფორმაცია ხშირად არ ვრცელდება. ეშინიათ, რომ საქართველოს, როგორც ხორცისა და ხორცპროდუქტების სატრანზიტო ქვეყანას, სტატუსი არ შეეზღუდოს. ამ ინფორმაციის დამალვა ერთია, მაგრამ ეს ვირუსი ხომ მერე ადგილობრივ წარმოებაზე გადადის და ფრინველს ხოცავს?! ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა.
- თქვენი ინფორმაციით, მეფრინველეობის სხვა ფერმებშიც ასეთივე მასშტაბით გავრცელდა ქათმის გრიპი?
- ჩვენი საწარმო ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უდიდესია, შესაბამისად, ფრინველის სიმჭიდროვეც მაღალი გვაქვს. სხვაგან ასეთი მასშტაბით არ ყოფილა, თუმცა ეს დაავადება დღეს არის როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანსა და სომხეთში.
- წარმოების ოთხთვიანი შეჩერების გამო, ბუნებრივია, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტიც შეჩერებული გექნებოდათ, არა?
- გაყინული ხორცის გარკვეული მარაგები გვქონდა და მის რეალიზაციას ვახორციელებდით. გარდა ამისა, ვამზადებთ საბროილერო კვერცხს, რომლის ექსპორტს დღემდე ვაგრძელებთ - მაგალითად, დღესაც გავიდა ერთი მანქანა აზერბაიჯანში.
- “ჩირინაში” ქათმის ხორცის წარმოება სრულად ოქტომბრის ბოლოდან აღდგება, ხოლო „ბიუ-ბიუს“ პროდუქცია მაღაზიებში ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდება?
- დიახ, ნოემბრის დასაწყისიდან [მუშაობას განვაახლებთ].
P.S. ამჟამად, რა მასშტაბისაა ქათმის გრიპის ვირუსი საქართველოში და რამდენად ინფორმირებულია სეს-ი, BMG სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ასევე, მეფრინველეობის ასოციაციას დაუკავშირდება და მასალას განვაახლებთ.
























