მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ მინისტრები მიდიან ციხეში, კანონდამრღვევმა მოსამართლეებმა რა "დააშავეს"?!|რევაზ ვაშაკიძე პროკურატურას მიმართავს

რევაზ ვაშაკიძე

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. „რძის სკანდალის“ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რის შედეგადაც „ჩირინას“ 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. კომპანიის მფლობელის, ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის თქმით, დაკისრებული თანხა „ყვარლის ბაგისთვის“ უკვე ჩარიცხულია, თუმცა იგი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

ბიზნესმენი აპირებს, მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით - პროკურატურას მიმართოს.

რევაზ ვაშაკიძეს აქვს მოლოდინი, რომ კანონდარღვევის გამო პასუხისმგებელი მოსამართლეები თანამდებობებს დატოვებენ.

„თუ მინისტრები მიდიან ციხეში, მოსამართლეებმა რა “დააშავეს?“ - აცხადებს ის.

ბიზნესმენის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ადგილობრივი პროკურატურისგან რეაგირება არ იქნება.

- უზენაესმა სასამართლომ “ჩირინას” “ყვარლის ბაგასთვის” 1.6 მლნ ლარის გადახდა დააკისრა. როგორ აფასებთ მესამე ინსტანციის განჩინებას?

- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სუბიექტურობა-ობიექტურობის განხილვას არ ვაპირებ - სასამართლოს აქვს უფლება და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს. BMG-ის სტუდიაში იმისთვის მოვედი, რომ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა: თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, დაეყრდნო უკანონო ფაქტებს და პირდაპირ დაარღვია კანონი.

- კონკრეტულად, რას გულისხმობთ კანონის დარღვევაში?

- ელემენტარული მაგალითი ავიღოთ - ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკის აღმოჩენის საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით, ანტიბიოტიკის არსებობა აუცილებლად სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში უნდა დამტკიცდეს. ამ შემთხვევაში კი, თავად ნაკელის ნიმუშის აღებაც არ მომხდარა წესების დაცვით და არცერთ სერტიფიცირებულ ლაბორატორიას ანტიბიოტიკი არ დაუდასტურებია. მოსამართლეებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ჩვენ ბევრჯერ მივუთითეთ, თუმცა არასერტიფიცირებული ლაბორატორიის მონაცემები მაინც გაიზიარეს და კანონი დაარღვიეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ ყოფილა დარღვეული და მაინც ამხელა ჯარიმა დაგვაკისრეს.

- მოსამართლე მიკერძოებული იყო, არაკომპეტენტური თუ არაკეთილსინდისიერი? რა სახელს არქმევთ ამ ყველაფერს?

- მიკერძოებაზე არ ვსაუბრობ და არც მაინტერესებს. მათ დაარღვიეს კანონი. რა კვალიფიკაციასაც მისცემს ამას პროკურატურა, შესაბამისი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ. ბევრი კანონი დაირღვა და ჩვენ ამის შესახებ საჩივარს ვამზადებთ.

- როდის მიმართავთ პროკურატურას?

- ველოდებით უზენაესი სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას და მაშინვე მივმართავთ. ეს საქმე ეხება მოსამართლეების უცოდინარობას. ჩემი მიზანი თანხის უკან დაბრუნება არ არის. იმ ადამიანებმა, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგონ. მინიმუმ, ისინი აღარ უნდა იყვნენ მოსამართლეები.

- თქვენი აზრით, აქვს რეალური აზრი პროკურატურისთვის მიმართვას?

- რა თქმა უნდა, აქვს! თქვენც ხედავთ, რომ ქვეყანაში ბევრი მინისტრი და მაღალჩინოსანი მიდის ციხეში. ჰოდა, მოსამართლემ რა “დააშავა” თუ მან კანონი დაარღვია?!

- შეიძლება რომელიმე მოსამართლე გაუშვას?

- ჩემი აზრით, მათ აუცილებლად გაუშვებენ, რადგან დარღვევა ძალიან დიდია… იცით, „ჩირინა“ სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ბევრს აინტერესებს ჩვენი პოზიცია საინვესტიციო გარემოზე. თუ პროკურატურა რეაგირებას არ მოახდენს და სასამართლოდან ეს ხალხი არ გამოიწვიეს, ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზე. მე გეგმაში მქონდა დამატებით ორჯერ და სამჯერ მეტი ინვესტიციის განხორციელება - დაახლოებით 150 მილიონამდე უკვე ჩადებული მაქვს, მაგრამ პროცესი შევაჩერე, სწორედ ასეთი მოსამართლეების გამო! ბიზნესმენი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სასამართლოში ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- ისევ აპირებთ თუ არა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ მან ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი სასამართლოს და საკუთრების უფლების დაცვა?

- თუ პროკურატურა მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, დაადგენს კანონდარღვევას და ეს ხალხი დაისჯება, სტრასბურგი საერთოდ არ დამჭირდება და არც წავალ… ეს ჩემთვის ეკონომიკურზე მეტად მორალური ზიანია.

- ეჭვობთ, რომ მოსამართლეები მიკერძოებულები იყვნენ?

- მე არ მაქვს ეჭვები. დაველოდები პროკურატურის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსთვის. თუ ჩვენ გვინდა და ალბათ მთავრობასაც სურს, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს და ინვესტიციები მოვიზიდოთ, აუცილებელია, ასეთი მოსამართლეებისგან სასამართლოს გაწმენდა.

- დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ჯობდა ლაშა პაპაშვილთან მორიგებულიყავით და დავა სასამართლოს გარეშე დაგესრულებინათ?

- როდესაც დანაშაულს გრძნობ, მორიგებაზე მაშინ მიდიხარ. ჩვენ წელიწადში ათჯერ და ოცჯერ მეტ კომპოსტს ვყიდდით და ასეთ გაუგებრობას თუ გამოიწვევდა, ნამდვილად არ ველოდი. პირიქით, იმედი მქონდა, რომ სასამართლოში სამართალს ვიპოვიდით. რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს რა დაემართათ, ნამდვილად არ ვიცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები