მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რძის სკანდალის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

რევაზ ვაშაკიძე და ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე ინსტანციის მიერ დაკისრებული 1.6 მილიონი გადაუხადა, თუმცა ბიზნესმენი აპირებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ - საქართველოს პროკურატურაში გაასაჩივროს, შემდეგ კი, არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

“მე არ ვებრძვი ლაშა პაპაშვილს. ბიზნესში დავა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, რომლის გადაწყვეტილებებიც სამართლიანობის და კანონიერების პრინციპებს დაეფუძნება.

ჩვენ, ჩვენი ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ დაგვირღვევია, მაგრამ თბილისის სასამართლომ არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მან არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მტკიცებულებად ჩათვალა. ასევე, არასწორად აღებული სინჯებიც მტკიცებულებად ჩათვალა. ამდენად, ჩემი აზრით, სასამართლომ კანონი დაარღვია. შესაბამისად, პრეტენზია მაქვს მოსამართლეებთან, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს და მიმაჩნია, რომ უნდა გასამართლდნენ. პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე და მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს”, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან. ბიზნესმენი დღეს, 21:30 საათზე BMGTV-ის გადაცემა "წერტილის" სტუმარი იქნება.

ის აპირებს, მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების მოთხოვნით - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოძიების მოთხოვნით - სამართალდამცავ ორგანოებს (პროკურატურას) მიმართოს. გარდა ამისა, იგი არ გამორიცხავს, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოშიც გააგრძელოს.

ამასთან, რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის სურვილი არ აქვს, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავას ნიშნავს, თუმცა მიაჩნია, რომ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებები მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს აზიანებს.

„მე სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს, არავითარ შემთხვევაში არ ვებრძვი. მე ვებრძვი იმ მოსამართლეებს, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გადაწყვეტილება მიიღეს - ჩემი აზრით, ისინი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ... მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ მიიღოს ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება და მილიონობით ლარის გადახდა დააკისროს. ეს ყველაფერი კი საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს აზიანებს“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

როგორც BMG-სთან „ჩირინას“ ადვოკატმა, გიორგი გეწაძემ განმარტა, სტრასბურგის სასამართლოში დავა შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარიმართოს, რომელმაც ვერ უზრუნველყო სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, რასაც შედეგად საკუთრების უფლების დარღვევაც მოჰყვა, ვინაიდან კომპანიას 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

BMG ბიზნესდავის მეორე მხარეს - ლაშა პაპაშვილსაც ესაუბრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით არც “ყვარლის ბაგას” მფლობელია კმაყოფილი, მაგრამ მიაჩნია, რომ ახლა საუბარს აზრი არ აქვს, რადგან უზენაესმა საბოლოო განჩინება მიიღო.

“ზოგადად, არ მიხარია სასამართლოს დავები და როგორც დამთავრდა, დამთავრდა… ახლა რა აზრის აქვს ამ საკითზე ან წუწუნს ან საუბარს. როგორც გახსოვთ, თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 მილიონ ლარამდე დააკისრა კომპანია “ჩირინას”, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ, ასე დამთავრდა… მოგეხსენებათ, მე გასაჩივრებული მქონდა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება და ვითხოვდი, სრულ ანაზღაურებას (ანუ 4.7 მილიონ ლარს), მაგრამ ფაქტობრივად, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ჩვენ მიერ მოთხოვნილი თანხის მესამედი დააკმაყოფილა. ვერაფერს ვერ ეშველება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!”, - თქვა ბიზნესმენმა და იქვე დასძინა, რომ ე.წ. “რძის სკანდალით” მერძევეობის სექტორი სერიოზულად დაზიანდა.

“ყვარლის ბაგა” VS “ჩირინა” - დავის საგანი

დავა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და „ჩირინას“ შორის მიმდინარეობდა. „ყვარლის ბაგა“ „ჩირინასგან“ სულ 4 700 323 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა:

პირდაპირი ზიანი (1 631 823 ლარი): კომპანია ითხოვდა შეძენილი უხარისხო პროდუქციის (ქათმის ნაკელი, სისხლისა და ბუმბულის ფქვილი) და მისი ტრანსპორტირების ღირებულების, გაფუჭებული და გადასაყრელი რძის ზარალის, ანტიბიოტიკებიანი საკვებით გამოწვეული პირუტყვის სიკვდილიანობის, ასევე ლაბორატორიული კვლევებისა და საგადასახადო ჯარიმების ანაზღაურებას.

მიუღებელი შემოსავალი (3 068 500 ლარი): მოსარჩელე ითხოვდა იმ მოგების/შემოსავლის ანაზღაურებას, რომელიც პირუტყვის დაღუპვის გამო ვერ მიიღო (მიუღებელი რძისა და ხბოების ღირებულება), აგრეთვე დანაკლისის შესავსებად აღებული სესხის საპროცენტო ხარჯების დაფარვას.

თავის მხრივ, “ჩირინა” აცხადებდა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია და „ყვარლის ბაგისთვის“ მიწოდებული ქათმის ნაკელი არ შეიცავდა ანტიბიოტიკებს ან აკრძალულ ნივთიერებებს. მოპასუხის მტკიცებით, ქათმის ნაკელი წარმოადგენს სასუქს (ორგანულ ნარჩენს) და არა უშუალოდ ცხოველის საკვებ დანამატს, შესაბამისად, „ყვარლის ბაგას“ ის პირდაპირ საკვებად არ უნდა გამოეყენებინა.

საქმის ქრონოლოგია სასამართლოში

2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ჩირინას“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა (1 631 823 ლარი - პირდაპირი მატერიალური ზიანი; 3 068 500 ლარი - მიუღებელი შემოსავალი, რაც გამოწვეული იყო უხარისხო საკვები დანამატით გამოწვეული პირუტყვის სიკვდილიანობის გამო მიუღებელი რძისა და ხბოების ღირებულებით, ასევე დანაკლისის შესავსებად აღებული სესხის საპროცენტო ხარჯებით).

“ჩირინამ” პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მეორე ინსტანციამ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - 2025 წლის წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რევაზ ვაშაკიძის კომპანიას 1.6 მილიონი ლარის გადახდა დაევალა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ „ჩირინამ“ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, თუმცა „ყვარლის ბაგას“ მიუღებელ შემოსავალზე პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

რევაზ ვაშაკიძის კომპანიამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არაობიექტურად და იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია, ამიტომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარადგინა.

"მოცემული საქმე თავისი შინაარსით სცდება ერთი რიგითი კერძო დავის ჩარჩოებს და რეალურად წარმოადგენს საკვანძო მნიშვნელობის მქონე ბიზნეს-დავას. მისი გადაწყვეტა დაკავშირებულია ისეთი სამართლებრივი სტანდარტების ჩამოყალიბებასთან, რომლებიც მომავალშიც განსაზღვრავენ სასამართლო პრაქტიკის მიმართულებას. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მოხდეს ქვემდგომი ინსტანციების მიერ დაშვებული დარღვევების სრული და დეტალური შეფასება და მათი გამოსწორება", - ეწერა “ჩირინას” საკასაციო საჩივარში, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, ორივე კომპანიამ უზენაეს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი - „ჩირინა“ ითხოვდა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო „ყვარლის ბაგა“ - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. უზენაესმა სასამართლომ არც რევაზ ვაშაკიძის და არც ლაშა პაპაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 2026 წლის 16 ივლისს, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1.6 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურების შესახებ.

“ყვარლის ბაგასა” და “ჩირინას” საქმის მოსამართლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელმაც 2024 წლის 24 დეკემბერს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და “ჩირინას” ₾4 700 000 დააკისრა, იყო ლიანა კაჟაშვილი.

სააპელაციო სასამართლოში მოსაამართლეები, რომლებმაც 2025 წლის 7 აგვისტოს შეცვალა გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და დატოვა ₾1 600 000, იყვნენ: ლაშა თავართქილაძე, მერაბ ლომიძე და შალვა კაკაურიძე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები, რომლებმაც 2026 წლის 16 ივლისს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვეს, იყვნენ მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი და არჩილ კოჭლამაზიშვილი.

არქივი - "რძის სკანდალის" საქმე |ინტერვიუები ლაშა პაპაშვილთან და რევაზ ვაშაკიძეთან





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები