მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მეფრინველეობის ბაზარზე ფრინველის გრიპი არ ფიქსირდება - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

ქათმების ფერმა

საქართველოს მეფრინველეობის ბაზარზე ფრინველის გრიპი არ ფიქსირდება - ამის შესახებ BMG-სთან „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ბაზარზე არსებული მდგომარეობა აბსოლუტურად ჯანსაღია და პროდუქციის უსაფრთხოება ლაბორატორიულად რეგულარულად მოწმდება.

როგორც უჩუმბეგაშვილი აცხადებს, დაავადებების შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა და სექტორისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არანაირი ფრინველის გრიპი, მაღალ თუ დაბალპათოგენური შტამი არ ფიქსირდება. ამას ადასტურებს როგორც ადგილობრივ და უცხოურ ლაბორატორიებში გაგზავნილი ანალიზები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თვეში მინიმუმ ორჯერ ჩატარებული გეგმური კვლევები. თუ რომელიმე კონკრეტულ წარმოებას შიდა პრობლემები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელ დარგს საფრთხე ემუქრება. მზად ვართ, ნებისმიერ უწყებასთან ერთად ჩავატაროთ დამატებითი შემოწმება იმის დასამტკიცებლად, რომ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, კვერცხის წარმოებას ქვეყანაში დადებითი დინამიკა აქვს - ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი წარმოება ყოველწლიურად, 15-20 მილიონი ცალით იზრდება. უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 693 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოვა, მიმდინარე წელს კი ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი ისტორიულ ნიშნულს - 700 მილიონს გადააჭარბებს.

რაც შეეხება კვერცხის იმპორტის ზრდას, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ შარშანდელ ანომალიურად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით ჩანს ასე - გასულ წელს აშშ-ში გავრცელებული ფრინველის გრიპის გამო, თურქეთმა საკუთარი ჭარბი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე გადაამისამართა, რამაც საქართველოში დროებითი დეფიციტი და იმპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. წელს, კი იმპორტის ზრდის მოცულობა ჩვეულ, მრავალწლიან სტაბილურ ნიშნულს უბრუნდება.

წელს 8 თვეში, საქართველოში 1.5 მლნ დოლარის 20 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. შარშან ამავე პერიოდში, ეს მაჩვენებელი 1 მილიონი ცალი იყო, ხოლო 2024 წელს, ეს რიცხვი 11 მლნ ცალი.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან აცხადებდა, რომ გასულ წელთან შედარებით, კვერცხის იმპორტის მკვეთრი ზრდა ქათმის გრიპის ცირკულაციით იყო გამოწვეული, რამაც ადგილობრივ ფერმებში კვერცხის წარმოება შეამცირა. მისივე თქმით, ბაზარზე გავრცელებული ქათმის გრიპის გამო, „ჩირინამ“ ქათმის ხორცის წარმოება 4 თვით სრულად შეაჩერა. იძულებითი პაუზისა და ვირუსით ფრინველის დახოცვის გამო, საწარმოს ზარალმა დაახლოებით 12 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები