მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 თვის განმავლობაში “შავი ლომიდან” 30-მდე რუსი ტურისტი გავაბრუნეთ - მერიკო გუბელაძე

616ec96cd3bfe
მარიამ ვარადაშვილი
19.10.21 19:35
28135
„შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესებით კვების ობიექტებს მომხმარებელი არ შემცირებია. საქმე ის არის, რომ სექტემბრიდან სამივე რესტორანი მხოლოდ აცრის ან/და სწრაფი/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრებს მასპინძლობს.

“გადასარევი შედეგი გვაქვს, კლიენტები არ მოგვკლებია. ჩვენ ისევ მოვუწოდებთ მთავრობას, შემოიღოს რეგულაციის ერთიანი წესი, თუმცა ეს ნაბიჯი ჯერ არ ჩანს. 2 თვის განმავლობაში “შავი ლომიდან", დაახლოებით, 30 რუსი ტურისტი მივაბრუნეთ, მეტი არაფერი“, - უთხრა BMG-ის გუბელაძემ.

მისივე თქმით, „ლოქდაუნების ეპოქა“ დასრულდა და ყველა ქვეყანა ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნას ცდილობს, რაც აუცრელი ადამიანებისთვის გარკვეულ ობიექტებზე შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

კვების ობიექტების დამფუძნებელს მიაჩნია, რომ საქართველოშიც ეს მოდელი უნდა ამუშავდეს.

“ლოქდაუნი” მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ალტერნატივა აღარ არის. აბსოლუტურად ყველა განვითარებული ქვეყანა „მწვანე ზონების“ მიმართულებით წავიდა. სტამბოლშიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ აგვიშვეს, რადგან სისტემამ ჩვენი აცრის დოკუმენტის შტრიხკოდი ვერ წაიკითხა.

არაფერი არ უნდა გაჩერდეს, ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს, არც ტრანსპორტი, რადგან ჩვენ ამ პანდემიაში კიდევ ხუთი წელი უნდა ვიცხოვროთ. ჩაკეტვა-გახსნა ხომ ნამდვილად გააღატაკებს და მიწასთან გაასწორებს ყველაფერს.

უნდა დააწესონ ეს მარტივი რეგულაცია, რაც შემოიღო მთელმა მსოფლიომ. აუცრელი ადამიანი საზოგადოებრივ, საჯარო სივრცეში არსად არ უნდა შედიოდეს - არც ტრანსპორტში, არც მაღაზიაში, არც რესტორანში და არც [აუცრელი] მასწავლებლები არ უნდა მუშაობდნენ სკოლაში. ამის შემდეგ მოქალაქეების უმრავლესობა აცრაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს გუბელაძე.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 31.8% არის აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები