მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 ივლისის მოსული უხვი ნალექის შემდეგ "ალდაგში" უძრავი ქონების დაზიანებაზე 45 განაცხადი შევიდა

წვიმა

20 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ უძრავი ქონების დაზიანებაზე 45 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ კომპანიაში განუცხადეს.

„ალდაგში“ ამ ეტაპისთვის ზარალის მოცულობას ვერ აკონკრეტებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ინტენსივობის ნალექი დედაქალაქის უმეტეს ნაწილში 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დაფიქსირდა, რამაც ცალკეულ უბნებში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი გადატვირთვა გამოიწვია.

უწყება წერს, რომ მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 8 საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ერთ საათში, 20 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 00:00 საათამდე – 54.5 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას დაახლოებით 30%-ით აღემატება.

ცნობისთვის, 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით კი სადაზღვევო კომპანიებმა თბილისში, 20 ივნისის სტიქიის მონაცემები შეაჯერეს და დაუზუსტებელი ინფორმაციით, სექტორს სეტყვით დაზარალებული ავტომფლობელებისთვის დაახლოებით 25-30 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ. მისი თქმით, კომპანიებმა ჯამში 20 ივნისის სტიქიის შემდეგ 10 000-მდე განაცხადი მიიღეს ავტოდაზღვევის მიმართულებით, რაც რეკორდული მოცულობის რიცხვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები