პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.
„20 ივნისს იქნებით თუ არა ისევ პრემიერის რანგში?“, - ჰკითხეს ჟურნალისტებმა პრემიერს, რაზეც გახარიას პასუხია: „დიახ, ვიქნები“.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს ინფორმაცია გავრცელებული. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, რადგან უკვე იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს შეკითხვა დასმული. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები - მთავრობაში, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები, თუ - ფერმერი. მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება“, - განაცხადა გახარიამ.