მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის ნებართვების გაცემა შეწყდება“ - კალაძე

63e358ce363af
თინათინ ნატმელაძე
08.02.23 12:24
911
დღეს გამართულ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 20 მარტიდან ძველი სისტემით ტაქსის ნებართვების გაცემა შეწყდება.

მისივე ცნობით, ის პირები, რომლებიც 20 მარტამდე არ მიმართავენ მუნიციპალიტეტს, პირველი აპრილიდან A კატეგორიის უვადო ნებართვებს ვერ მიიღებენ.

„რეფორმის მესამე ეტაპით განხორციელებული ცვლილებები ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან სარგებლიანი ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი განსხვავებული მოდელი ამოქმედდება.

მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემათ A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება. შემდეგ თუ ვინმეს მოუნდება იჯარით გაცემა მის მიერ აღებული ნებართვის ან გაყიდვა ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება იმ პლატფორმაზე, რომელიც შეიქმნა - taxi.tbilisi.gov.ge დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ამ ნებართვებს გაცილებით დიდი ფასი ექნება.

მინდა ასევე მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ აიღებენ აღნიშნულ ნებართვას, რომელიც პირველ აპრილს გაიცემა, ეს არის გაფრთხილება.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე აღნიშნავს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად აქტიური კამპანიები მიმდინარეობს.

„ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით მუნიციპალიტეტი აწარმოებს საკმაოდ მნიშვნელოვან კამპანიას, დავბეჭდეთ ბუკლეტები, რომელიც ურიგდება ტაქსის მძღოლებს იმისთვის, რომ ზედმიწევნით გაიგონ ამ ცვლილების შინაარსი და აზრი, პარალელურად ყველა მუნიციპალურ სერვისში ჩვენ გვყავს გადამზადებული ჩვენი პერსონალი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გააცნობს ზუსტ ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ნებისმიერს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით.

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია, თანხმდება შესაბამის უწყებებთან, გაიგზავნება თბილისის საკრებულოში და პირველი აპრილიდან ძალაში შევა.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს ეხება და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსის ზოლში მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის ნებართვას გულისხმობს. თბილისის მერი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება 2023 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება, ამ ეტაპზე კონსულტაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობს და მოგვიანებით უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები